[პოლიტმიმოხილვა] პრეზიდენტის არჩევნები

Day 2,446, 23:07 Published in Georgia Georgia by ManteX
უპირველეს ყოვლისა მინდა გაგაფრთხილოთ, ეს სტატია წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს და მისი მიზანი არაა რომელიმე მოქალაქეს თავს მოახვიოს პიროვნულად და პოლიტიკურად მისთვის მიუღებელი პოზიცია. სტატიის ძირითადი მიზანი კი ისაა, რომ საქართველოს საგაზეთო პუბლიკაციები ამ ბოლო დროს რაოდენობის მწვავე უკმარისობას განიცდის, ხოლო დრო უქმად ისე არაფერს გაჰყავს როგორც "ლაყბობას" (უი, აქ "დიალოგი" სჯობდა დამეწერა ალბათ?!)

ჰოდა რაშია საქმე ძვირაფასო თანამოქალაქენო! გვინდა თუ არა, მოახლოვდა ჟამი ე-საქართველოს მესამე საპრეზიდენტო არჩევნებისა (5 აგვისტოს). იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს უკავია მნიშვნელოვანი ძალაუფლება ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში; კანდიდატებს შორის დებატები კი, კონგრესის ჩეთში მცირე სიტყვიერ კინკლაობას არ გასცილებია...ჰოდა ბარემ გამოვაცხოთ კიდეც სტატია ამაზე.

კონგრესის ბოლო არჩევნები აღსანიშნავი იყო. პირველი მრავალრიცხოვანი ქართული პარტია რომელიც ქვეყნის დაარსებისას შეიქმნა, მარტივ მამრავლებად დაიშალა და წარმოქმნა 5 ძლიერი ქართული პარტია თავისი აქტიური წევრებით და კონგრესმენებით:

გაერთიანებული ქართული პარტია (პირველი ქართული პარტია, რომლის წევრებიც არიან ახლანდელი პრეზიდენტი Rosmedian, საგარეო საქმეთა მინისტრი xSteviex, განათლების მინისტრი Aveun და თქვენი მონამორჩილი რამდენიმე თანაპარტიელ ქართველ კონგრესმენთან ერთად, რომელთა შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ დაიჯესტში)

Will of Georgia (პარტია, რომელიც კონგრესის არჩევნებით მეორეა სიაში და მისი ლიდერი ახლანდელი ფინანსთა მინისტრია Jimmy Levy და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი)

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (მისი ლიდერი დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი R. P. McMurphy (იგივე კაატინგა), ხოლო მთავრობაში იგი ასევე წარმოდგენილია ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრით paskunji, რომელიც ასევე პარტიის ვიცე პრეზიდენტია)

ბოლო კონგრესის არჩევნების მიხედვით მეოთხე და მეხუთე ადგილებს ასევე იკავებენ კავკასიური ფრონტი-საქართველო და ქართული პარტია

╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮
აი აქედან უკვე იწყება ჩემი პირადი აზრის გამოხატვა. რადგან გაერთიანებული ქართული პარტიის წევრი ვარ, ჩემი შეხედულება მიკერძოებულია. ზევით მოყვანილი დებულებები კი ფაქტებია და განხილვას არ საჭიროებს. თუ თქვენთვის მიუღებელია პოლიტიკური აგიტაცია ან ჩემი შეხედულებები, დააიგნორეთ ქვევით მოყვანილი აბზაცები. მინდა აქვე განვაცხადო, რომ ყველა პოლიტიკურ მეტოქეს და თანამებრძოლს ვუსურვებ წარმატებას მომავალ არჩევნებში - მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და გეზისა, მიმაჩნია რომ ისინი ფასადაუდებელ სამუშაოს ეწევიან ე-საქართველოს სიძლიერისთვის და განმტკიცებისთვის, მთავრობაში და მთავრობის გარეთ.
╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮╰☆╮


მე პირადად, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, მიმაჩნია რომ მთავრობის მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში იყო ეფექტური. ჩვენ შევძელით რთულ პირობებში გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა ბულგარეთის და რუსეთის ოკუპაციისგან; ასევე წარმატებით დავამყარეთ კავშირი ჩვენს მეზობლებთან (უკრაინა, თურქეთი) და მათ ალიანსთან Sirius. თვით ჩვენც შევედით ახლადშექმნილ ალიანსში Root, რომელიც სირიუსის პარტნიორად ითვლება და განვიმყარეთ პოზიცია რეგიონში.

მთავრობის ძალისხმევის შედეგად მოეწყო მასიური "ბეიბი-ბუმ" (ახალი მოქალაქეების შემოდინება), შეიქმნა კადეტთა აკადემია, სადაც ახალი მოთამაშეები სწავლობენ ე-რესპუბლიკის მექანიკას, გაძლიერდა სამხედრო დანაყოფები. მინდა გითხრათ რომ ლომის წვლილი ამ საქმეში მთავრობის ახლანდელ და ძველ წევრებს მიუძღვით. ამგვარად, მე პირადად მინდა ახლანდელი კურსის გაძლიერება, მეტი ინოვაციის დანერგვა და ჩვენი პოზიციების გამყარება იმავე გეზით, რასაც ახალნდელი მთავრობა მისდევს და მისდევდა წარსულშიც.

მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ჯიმი და კაატინგა ღირსეულ მოწინააღმდეგებად და ვთვლი მათი როლი მთვრობაში უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ პრეზიდენტ როსმედიანის ხელმძღვანელობა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტივის მუშაობა გუნდში ისევ და ისევ ძალიან საჭიროა, როგორც ჩვენი საგარეო კონტაქტების გასამყარებლად, ასევე ეფექტური ადმინისტრაციისთვის და პოლიტიკური სტაბილურობისთვის მომავალში. ამასთან, მივიჩნევ რომ ახლანდელი მთავრობის წევრების აქტიური მონაწილეობა ქვეყნის ადმინისტრაციაში აუცილებლად წასახალისებელი და დასაფასებელია მიუხედავად ჩვენს შორის პოლიტიკური შეხედულებების სხვაობისა.

ამჟამად, ყველაზე მთავარი მაინც ჩემო თანამოქალაქევ ისაა, რომ არჩევნების დღეს მოხვიდე და დააფიქსირო შენი აზრი, მიუხედავად იმისა თუ რომელ მხარეს განიხილავ ღირსეულად განუძღვეს ე-საქართველოს მომავალში. ასე რომ, 5 აგვისტოს ყველანი არჩევნებზე: erepublik.com/en/main/presidential-elections ჰო, ტექსტით ძალიან გადატვირთული რომ არ გამოვიდეს, აგერ სურათიც დავურთოთ ბოლოში. წარმატებები ყველას, გაუმარჯოს საქართველოს!