SuperManteX - წინასაარჩევნო პროგრამა

Day 2,540, 13:28 Published in Georgia Ukraine by SuperManteX

მოგესალმებით ძვირფასო ამომრჩევლებო!

მე გახლავართ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ არჩევნებზე. წარსულში ცნობილი როგორც მანტექსი, ამჟამად მოგევლინეთ ჩემი ახალი წინასაარჩევნო პროგრამით. ამ არჩევნებზე მინდა მოგახსენოთ, რომ მე წარმოვადგენ რესპუბლიკური პარტიის და ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც გთავაზობთ ახალი ხედვისა და შემართების მქონე კოალიციურ მთავრობას ე-საქართველოს მართვის სათავეებთან. მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას, რომ კითხულობთ და აფასებთ ჩემს მიერ წარმოდგენილ წინასაარჩევნო პროგრამას.
პროგრამის ძირითადი დებულება შედგება რამდენიმე პუნქტისგან, რომელიც მოკლედ შეჯამებული მინდა ყველას გაგაცნოთ. ჩემი პირადი აზრით, ძირითადი აქცენტები, რომლებიც აქ არის მოყვანილი, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის გაძლიერებისთვის. არჩევის შემთხვევაში, ჩემი, როგორც პრეზიდენტის უპირველესი მიზანი იქნება გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური წონა საერთაშორისო ასპარეზზე.

1) უპირველეს ყოვლისა, აუცილებლობად მიმაჩნია ქვეყანაში ეფექტური სამხედრო საბჭოს ჩამოყალიბება და არსებობა.
როგორც ზელანდიის და აგრეთვე სხვა, წარსულის ბრძოლებმა აჩვენა, საქართველოს სამხედრო ძალა არამცირეა, თუმცა ისევ და ისევ ორგანიზებულობის მნიშვნელოვანი პრობლემები გააჩნია. დივიზიებში გადანაწილებული ძირითადი დამრტყმელი ძალა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებშია მობილიზებული და ხშირად მათი დროული ინფორმირება ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ გართულებულია; ეს კი გარკვეულწილად აისახება ჩვენი სამხედრო პოტენციალის მოუქნელობაზე. ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის უპირველესი მიზანია, შევქმნათ ერთიანი სამხედრო საბჭო - პრეზიდენტის, პრემიერის, თავდაცვის მინისტრის და საქართველოში მოქმედი სამხედრო დანაყოფების ერთიანი სკაიპ ჩატი, სადაც დროულად გაჟღერდება ყველანაირი ტაქტიკური გადაწყვეტილება რაც მიიღება ბრძოლისას; ხოლო სამხედრო დანაყოფების მეთაურებს კი მიეწოდებათ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რისი დროულად გადაცემა მუ-ს ჩატში ხშირად შეგვიქმნის იმ უპირატესობას, რაც შესაძლოა გამარჯვებასა და მარცხს შორის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.


2) ახალი მოთამაშეების მოზიდვის და მათი განვითრების ხელშეწყობა
ჩემი მიზანია კვლავ განვაგრძოთ ბეიბი ბუმის პროგრამა, რათა მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეების მოზიდვა ქვეყანაში და კვლავ განვაგრძოთ მათ ძლიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბების პოლიტიკა. ასევე გავაგრძელოთ და გავაფართოოთ ტრენინგ ცენტრების დაკრედიტების წარმატებული პროგრამა, რათა გავზარდოთ ახალი მოთამაშეების საშუალო ძალის მაჩვენებელი. კრედიტების გაცემა გაგრძელდება მოთამაშეებისთვის პირველი ორი ტრენინგ ცენტრის სრულად გაუმჯობესებისთვის, უკვე ფიქსირებული პროცენტული განაკვეთით - ასევე გაიზრდება პროგრამაში მონაწილე მოთამაშეების რიცხვიც. მეორეს მხრივ, უკვე გამოცდილ მოთამაშეებს ვუშუამდგომლოთ და დავეხმაროთ ძლიერი მონაცემების მქონე აცც-ების შეძენაში და შეძლებისდაგვარად შევეცდებით გავცეთ გრძელვადიანი კრედიტები ამ მიზნით. ჩემი პოლიტიკური გუნდის მიზანი ასევე იქნება საბოლოოდ მოვახდინოთ კადეტთა აკადემიის საბოლოო დეპოლიტიზაცია და მივცეთ ახალ მოთამაშეებს სწორი განვითარების საშუალება, რაც ბევრწილად ქართული პოლიტსპექტრის ნებაზეა დამოკიდებული - ჩვენი იდეაა ვიმუშავოთ ამ მიმართულებით პროგრესისთვის. ასევე ჩვენი მიზანია გავზარდოთ ახალბედებისადმი დარიგებადი რესურსების მოცულობა და ახალწვეულთა რიცხვი.


3) ინიციატივა, რომ გადასახადები დარჩებეს ისეთივე მცირე განაკვეთით, როგორიც არის და არ შეიცვალოს
მე და ჩემ პოლიტიკურ გუნდს აქტიურად გვწამს იმ ფაქტის, რომ მცირე მოცულობის გადასახადები ხელს უწყობს ქვეყნაში არსებულ მეწარმეებს, მეტი შემოსავლით ავსებს ბიუჯეტს გაზრდილი საქონლის ბრუნვის გამო და ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს ხდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით. რაც თავისთვად, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ზრდის დამსაქმებლის მიერ დაწესებულ საშუალო ხელფასს. მიმაჩნია, რომ ამჟამად ქვეყანას არ ემუქრება ისეთი საფრთხე, რომ გადასახადების გაზრდით შევეცადოთ ბიუჯეტის სწრაფი შევსება. მეორეს მხრივ, ზელანდიასთან ხანგრძლივი კამპანიის შედეგად, მოსახლეობას სჭირდება ამოსუნთქვის პერიოდი, რათა შეივსოს რეზერვები და მომავალში იფიქროს ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაფართოებაზე. ფინანსთა მინისტრის რეკომენდაციით, კონგრესს შევთავაზებთ შეინარჩუნოს ქვეყნის არსებული ფისკალური პოლიტიკა.


4) ალიანსთან თანამშრომლობა უნდა კვლავაც მჭიდროდ გაგრძელდეს
მიმაჩნია, რომ ალიანსთან თანამშრომლობა კვლავაც მჭიდროდ უნდა გაგრძელდეს და საქართველომ უფრო მეტად აქტიური როლი უნდა ითამაშოს ალიანსის საერთო ამოცანების დასახვაში და გეგმის შემუშავებაში. ქვეყნის მთვრობამ უნდა აქტიურად იმუშაოს იმისათვის, რომ მოიზიდოს მეტი წევრ-ქვეყნები ჩვენს სამხედრო ალიანსში. ამ მიზნით მიმაჩნია, რომ პირადი კონტაქტები მსოფლიო ლიდერებთან, მათთან ღია, გულითადი ურთიერთობის გაღრმავება მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი მივაღწიოთ ადამიანური დიპლომატიის ფრონტზე, ვიდრე ამას შევძლებთ სამხედრო კამპანიით ან რიტორიკით. ვიომოთ მტკიცედ, მედგრად და რაც მთავარია, ჭკუით, დიდებისა და სახელის მოსახვეჭელად.

და ბოლოს, მინდა ყველას მოგიწოდოთ არ დაივიწყოთ და 5 ნოემბერს აუცილებლად მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა: http://www.erepublik.com/en/main/presidential-elections დააფიქსირეთ აზრი და ხმა მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატს. ყველა ჩვენ მხარდამჭერს და გულშემატკივარს კი უღრმეს მადლობას მოგახსნებთ გაწეული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძლიერები მხოლოდ თქვენთან და ესაქართველოსთან ერთად ვართ. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!


პატივისცემით,
SuperManteX
პრეზიდენტობის კანდიდატი
რესპუბლიკური პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ალიანსი