კონკურსისთვის (საქართველოს შესახებ)

Day 2,917, 09:16 Published in Georgia Georgia by Vendetta X


საქართველო – ზოგადი ინფორმაცია


თანამედროვე საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 4,5 მილიონს შეადგენს. იგი შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე. საქართველოს ტერიტორია 69 700 კვ. კილომეტრია.

საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ისტორიული ჩანაწერები საქართველოზე 4 ათას წელს ითვლის. ქვეყანას უნიკალური, ქართული დამწერლობა გააჩნია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შემოიღეს; ქართული ენა დამოუკიდებელ ენობრივ ჯგუფსაც ქმნის. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყანებს შორის, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში გამოაცხადეს.

საქართველოს მღელვარე ისტორია განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ – დიდ და მცირე კავკასიონის ქედებს შორის. ეს ვეებერთელა ბუნებრივი ბარიერები, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებს შორის გადაჭიმულა, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე მიწის დიდ მასივებს რამდენიმე გასასვლელით უკავშირდება. სწორედ ამის გამო იზიდავდა საუკუნეების მანძილზე საქართველო მრავალრიცხოვან დამპყრობლებს. ისტორიის მანძილზე, საქართველო ხშირად ყოფილა სპარსეთის, ოსმალეთის, ბიზანტიისა და რომის იმპერიის დაპირისპირების ობიექტი მანამ, სანამ 19-ე საუკუნეში რუსეთმა არ მოახდინა ქვეყნის ანექსია.

რამდენადაც თავისი ისტორიის დიდი ნაწილი საქართველომ უცხოელი დამპყრობლების მმართველობის ქვეშ გაატარა, მას თანამედროვე თვითმმართველობის საკმაოდ მცირე გამოცდილება აქვს, თუ არ ჩავთვლით მენშევიკური მთავრობის მმართველობის მოკლე პერიოდს 1918-1921 წლებში.

საბჭოთა პერიოდში, 1921-1991 წლებში საქართველო საბჭოთა ეკონომიკაში იყო ინტეგრირებული და წარმოადგენდა განვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ რესპუბლიკას და საბჭოთა კავშირის ძირითად ტურისტულ რეგიონს – მთელს კავშირში განთქმული ქართული ღვინით, სათხილამურო სპორტით, შავი ზღვითა და გამაჯანსაღებელი კურორტებით.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ გადაიტანა შეიარაღებული კონფლიქტები 1992-93 წლებში, მშვიდობიანი ვარდების რევოლუცია 2003 წელს და შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთთან 2008 წელს. მისმა ორმა ყოფილმა ავტონომიურმა წარმონაქმნმა - აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უნარი, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და მოახდინოს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა.

ქართული ღირსშესანიშნაობები

საქართველოსთვის დამახასიათებელია ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება, იგი გამოირჩევა უძველესი ეკლესია-მონასტრებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, ეროვნული პარკების სიუხვით.
ეკლესია-მონასტრები(რამოდენიმე)


ანანურის ანსამბლი
(XVI-XVII სს)


ანანურის ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, დუშეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, 23 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.


ბეთანია
(XII-XIII სს)

ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.


ბოლნისის სიონი
(478-493 წწ)


ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ-ში, სოფელ ბოლნისში.

სვეტიცხოველი
(XI ს)




სვეტიცხოვლის კომლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთის ცენტრში.


გელათის სამონასტრო კომპლექსი
(XII ს)


გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.



გერგეტის სამება
(XIV-ის 30-იანი წწ.)

გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე.




გუდარეხის მონასტერი
(XII-XVII სს)


გუდარეხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, ტყეში.




მცხეთის ჯვარი
(VIs-ის II ნახ.)
ჯვრის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთიდან 1.5 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე.





მანგლისი
(IV ს)


მანგლისი მდებარეობს საქართველოში, დაბა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე.

სამთავისი
(X-XI სს)

სამთავისის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, კასპის რაიონში, კასპიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ სამთავისის ცენტრში.



ვარძია
(X-XII სს)

ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.



ალავერდი
(XI ს)

ალავერდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე, ახმეტის აღმოსავლეთით 15 კმ-ში.



საქართველო - ძეგლებით მდიდარი ქვეყანა

საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ხასიათის ძეგლია გაფანტული. მათი დიდი უმრავლესობა უნიკალურია და მსოფლიო საგანძურში შედის. ამიტომაც ითვლება საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად. აქ ძეგლი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. თითოეულ მათგანში იმდენი მრავალფეროვნებაა, იმდენი სიდიადეა ჩაქსოვილი, რომ გიძნელდება თქვა, რომელია უკეთესი კლდესთან შეზრდილი ჯერის მონასტერი, თუ ხეობის ტაფობზე მდგარი სვეტიცხოველი; მთის გვირგვინი ქსნის ციხე, თუ ალაზნის ველზე დევმუხასავით აღმართული ალავერდის ტაძარი; მერცხლის ბუდეებივით კლდეს გამოკიდული უფლისციხის, ვარძიის გამოქვაბულები, თუ ფერდობს შეფენილი სვანური კოშკები. ყველა ეს ძეგლი წინაპართა ნაღვაწ-ნაამაგარია, თითოეულ მათგანს შესაბამისი საუკუნის დაღი აზის, მათში იკითხება წარსული კულტურა. თუ ყველაფერ ამას არ შევისწავლით, ისე ახალი კულტურის შენება წარმოუდგენელია. ან როგორ შეიძლება გულგრილად უცქირო ხელოვნების მშვენებას; არ დაგაინტერესოს შენს მხარეში, სოფელსა თუ ქალაქში მდგარმა ქვით ნაგებმა, ხავსმოკიდებულმა შენობამ, რომელშიც შენს წინაპარს თავისი ნაფიქრი და ნააზრევი ჩაუქსოვია. ერთ ძეგლში თუ წარსული თაობის სიდიადე ჩანს, მეორეში - სიცოცხლის სიყვარული, მისი შენარჩუნვბის სურვილი გამოსჭვივის.
ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგებიდან ხუროთმოძღრებას განსაკუთრებული ადგილი უკავია თავისი მრავალსახეობით: კერძოდ მოგვეპოვება ეკლესიები, საცხოვრებელი სახლები, სათავდაცვო ნაგებობები, სამეურნეო შენობები, ხიდები და სხვა. მართალია საქართველოში ჯერ ძეგლების აღრიცხვა კი არ არის დასრულებული, მაგრამ ცოტაა 20 თუ 25 ათასი ძეგლი, რომელთზეც ზოგადი წარმოდგენა მაინც გვაქვს? სამწუხაროდ, ამ მცირე ფართობის ტერიტორიაზე ქართველი აშენებდა და მტერი ანგრევდა, მაგრამ ის რაც გადარჩა, საკმარისია იმისათვის, რომ ქართულ ხუროთმოძღვრებას მაღალი შეფასება მიეცეს. სხვადასხვა პერიოდში ქართული ხელოვნება ქმნიდა ისეთ მაღალმხატვრულ ქმნილებებს, რომლებიც აშკარად ამშვემებენ ჩვენი ქვეყნის ხელოვნებას.


სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი — ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი — გუდის ყველი.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

არქიტექტურა

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

( ერთერთი ჩემი კოშკია ) :დ


ქართული ნაციონალოური სამოსი




ტანსაცმელი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიოგეოგრაფიული გარემოპირობების საფუძველზე. ამასთანავე, სამოსის სახესა და სტილს განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ამიტომაც ტანსაცმლის ესა თუ ის ფორმა, მისი ძირითადი სახე, მხოლოდ გარკვეული ეთნოსისთვისაა დამახასიათებელი.