ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში

Day 2,687, 06:26 Published in Georgia USA by MR.Kala

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა.

ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. ნინოს აღზრდა ერთმა ქრისტიანობის კარგად მცოდნე ქალმა სარა ნიაფორმა ითავა. სწორედ ამ ქალისაგან შეიტყო ნინომ რომ ქართლის დედაქალაქ მცხეთაში ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ეს კვართი მცხეთაში ჩამოიტანა ქრისტეს ჯვარცმის დროს იერუსალიმში მყოფმა მცხეთელმა ებრაელმა ელიოზმა. დაბრუნებულ ელიოზს პირველი მისი და სიდონია დახვდა. მან გამოართვა კვართი ძმას, გულში ჩაიკრა და მაშინათვე მიიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს.

ნინომ გადაწყვიტა ქართლში მოსულიყო. ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა ნინომ სანამ ჯავახეთში ფარავნის ტბამდე მოაღწევდა. აქ ის მეთევზეებმა დააპურეს და მცხეთის გზა ასწავლეს. ქალაქ ურბნისში მოსული ნინო არმაზის დღესასწაულზე მიმავალ ხალხს შეუერთდა და ისე მოვიდა მცხეთაში. მეფე მირიანი არმაზის კერპისკენ მიემართებოდა, რათა თაყვანი ეცა კერპისთვის. როდესაც ნინომ იხილა თუ როგორ ემსახურებოდა ხალხი კერპს საშინლად აღშფოთდა. ნინო ღმერთს შეევედრა რომ კერპი დაემსხვრია. მოულოდნელად ამოვარდა საშინელი ქარიშხალი ჭექა-ქუხილი, წამოვიდა საშინელი წვიმა და სეტყვა. ხალხი სასწრაფოდ დაიფანტა, კერპი კი დაიმსხვრა.

ნინო საცხოვრებლად მცხეთაში დარჩა. ვაზის ნასხლავები საკუთარი თმით შეკრა, ნინომ ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. ამავე დროს ნინომ იმითაც გაითქვა სახელი რომ ავადმყოფებს კურნავდა. ხმამ ნინოს შესახებ მეფის კარამდეც მიაღწია. დედოფალი ნანა უკურნებელი სენით იყო დაავადებული, მისი შველა არავის შეეძლო. ნინომ შეძლო დედოფალ ნანას განკურნება, ამის შემდგომ ნანამ იწამა ქრისტიანობა. მხოლოდ მეფე მირიანი არ აღიარებდა ქრისტიანობას.

ერთხელ მეფე თავის ამალასთან ერთად მუხრანისკენ გაემართა სანადიროდ. მთაზე ასულ მეფეს უეცრად თვალთ დაუბნელდა. საშინელი ბურუსი ჩამოწვა. ირგვლივ არაფერი ჩანდა. მეფემ თავის ღმერთებს მიმართა თხოვნით მაგრამ უშედეგოდ, ამის შემდეგ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა, მეფემ ლოცვა წარმოთქვა. მოხდა სასწაული და მაშინათვე განათდა. მირიანმა მიიღო ქრისტიანობა. ქართლის მეფემ რომის იმპერატორს თხოვნა გაუგზავნა რათა გამოეგზავნა მღვდლები ხალხის მოსანთლად. საქართველოს ეკლესია თვლის რომ ეს მოხდა 326 წელს. ქართლის ეკლესიის პირველი მმართველი გახდა იოანე.

325 წლისათვის აქ ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული, რადგან ბიჭვინთაში არსებობდა საეპისკოპოსო. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე დაესწრო ნიკეის პირველ მსოფლიოს საეკლესიო კრებას.