იბერიის პირველი მეფე

Day 2,687, 05:02 Published in Georgia USA by MR.Kala

ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში. ქართლის ცხოვრების თანახმად მან შექმნა ქართული დამწერლობა. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

იგი ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი და ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი არის. დაახლ. ძვ. წ. 320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო 8 საერისთაოდ და 1 სასპასპეტოდ, რაც ცენტრალიზაციის გაძლიერებას ემსახურებოდა (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა: აღმართა არმაზის კერპი, რომელიც ძველხეთური მეომარი ღვთაების, არმას პროტოტიპს წარმოადგენდა და აღადგინა ქალაქი მცხეთა. მასვე მიეწერება ქართული ენის რეფორმირება და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ. წ. 264 წელს 92/93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.

ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით - სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90–80–იან წლებში უნდა დაეკავებინა. ძვ. წ. 334 წელს მცირე აზიაში ალექსანდრე მაკედონელის კარგად ორგანიზებული არმია გამოჩნდა. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლში ციხე–ქალაქები დაიკავა და თავად ნასტაკისში გამაგრდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ კი აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს თან ახლდა აზო, არიან ქართლის მეფის ძე. ალექსანდრემ მას უბოძა სატახტო ქალაქი მცხეთა და სამეფოს საზღვრად ჰერეთი და ეგრისის წყალნი დაადგინა. ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზომ მოკლა ქართლის მამასახლისი სამარა, ხოლო მისი ძმისწული ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელს სინამდვილეში ქართლი არ დაულაშქრავს, მაგრამ მისი მხარდაჭერით კავკასია ერთ–ერთი ქართველური გაერთიანების , არიან–ქართლის ხელმძღვანელმა, აზონმა მართლაც დალაშქრა და მას შემდეგ, რაც ციხე–ქალაქი სარკინე აიღო, ქართველური მოდგმის გაერთიანებებს შორის ქიშპობა დასრულდა. ქართლში მაკედონელთა მიერ აღზევებულმა აზონმა ხელთ იგდო ძალაუფლება, ცალკეულ წარჩინებულთა მიმართ უმკაცრესი ღონისძიებები გაატარა და მმართველობის ახალი ფორმები შემოიღო. აზონის ხელისუფლებას ასი ათასი კაცი იცავდა. მოქცევაი ქართლისაის მიხედვით კი აზო არიან ქართლის, ანუ ირანის ქართლის მმართველია. აზოს ლაშქრობა ქართლში ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლებს ემთხვევა სპარსეთის წინააღმდეგ, ამიტომ შესაძლოა შეცდომით მიაწერს ქართლის ცხოვრება აზოს ალექსანდრეს დიადოხოსობას.

აზონს დაუპირისპირდა მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა დიღმის ტყეში ნადირობისას განძი იპოვა. ამ განძს დებთან ერთად ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა და საიმედო ადგილზე შეინახა. ნაპოვნი განძი მან აზონთან საბრძოლველად გამოიყენა: დაიქირავა ჩრდილოკავკასიელი მეომრები. ფარნავაზს მხარი დაუჭირა დასავლეთ საქართველოს მმართველმა ქუჯიმ და სირიის სელევკიდების მეფე ანტიოქემ, ხოლო აზოს დახმარებას პონტო და საბერძნეთი უწევდა. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ბოლოს, დამარცხებულმა აზონმა კლარჯეთში, მდ. ჭოროხისა და მტკვრის სათავეებისკენ დაიხია და იქ თავის სამემკვიდრეო მამულში გამაგრდა. „ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ არტაანთან. ფარნავაზმა სძლია აზოს, რომელიც ბრძოლის დროს დაიღუპა. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო.

გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო. მათ რიცხვში შედიოდა ეგრისიც, რომელსაც ქუჯი განაგებდა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ქუჯის, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რომელიც მას მიუძღოდა ფარნავაზის წინაშე და ალბათ, ეგრისის მტკიცედ შემოერთების მიზნითაც, ქართლის მეფე ფარნავაზმა ცოლად მიათხოვა თავისი და. მეორე და ოვსთა ხელმწიფემ ითხოვა, თავად კი ცოლად ჩრდილოკავკასიელი (დურძუკი) ქალი მოიყვანა.

ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.


ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი.
ქართლის ცხოვრება ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა. გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე. მემატიანე შემდეგი სიტყვებით აღწერს მის მოღვაწეობას: „მეფობდა ნებიერ, და ყოველნი დღენი მისნი რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავსო ქართლი... იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა...მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“ ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ქართლში სამეფო დინასტია მისმა შვილმა საურმაგმა გააგრძელა.