ქართული ავტო ბაზარი

Day 2,619, 14:53 Published in Georgia Turkey by Zviad Taruashvili

ქართულ საავტომობილო ბაზარს კიდევ ერთი ავტომწარმოებელი შეემატა - ამიერიდან ჩვენთანაც შესაძლებელი იქნება იმ ბრენდის ავტომობილების შეძენა, რომელსაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა შვიდჯერ აქვს მოგებული და ამ გამარჯვებათა დიდება, 60 წელზე მეტია, მისი სავიზიტო ბარათია. მისი სახელია Jaguar-ი და მის ავტომობილებს, სრული სერვისული უზრუნველყოფით, ბრიტანული კომპანიის ქართველი პარტნიორი, „GT მოტორსი“ შემოგთავაზებთ.



როგორც ნამდვილ ბრიტანელს შეეფერება, „დიდი კატა“, როგორც Jaguar-ს ხშირად მოიხსენიებენ, ქართული საზოგადოების წინაშე, წვიმიან ამინდში, შესანიშნავ რესტორან „ოტიუმში“, ქართველი მომღერლების და მოცეკვავეების აკომპანიმენტით წარსდგა. სიმღერებს ბრიტანელი სტუმრების გამოსვლები ენაცვლებოდა, რომლებმაც მათი ქვეყნის ინდუსტრიის სიამაყე, მისი ღირსებები და ისტორია მოკლედ მიმოიხილეს.



მერე კი წარდგენის კულმინაციური მომენტიც დადგა - სტუმრების წინაშე, წითელი საბურველი ჩამოხსნეს სრულგაბარიტიან ლუქს სედან XJ-ს, საპირისპირო მხრიდან კი ვერანდაზე კუპე F-ტაიპი შემოვიდა, რომელიც თავისი მძლავრი ხმით თითქოს გვეუბნებოდა, თქვენს წინაშე ლე მანის ტრიუმფატორების პირდაპირი შთამომავალიაო.



რა თქმა უნდა, იყო „იაგუარის“ ემბლემით დამშვენებული ტორტის გაჭრა, ფოიერვერკი და ემოციები, რომლებიც პრემიუმ კლასის ავტომობილების მყიდველს არ მოაკლდება, როცა ისინი „იაგუარის“ რომელიმე მოდელის საჭეს მიუჯდებიან. მოდელების რაოდენობა კი ძალიან მალე გაიზრდება - მსოფლიო ბაზარზე გამოდის უახლესი ბიზნეს კლასის კომპაქტური სედანი XE, რომელიც საქართველოში ალბათ მარტიდან შემოვა. ორი სიტყვით, ეს არის ახალი სიტყვა „იაგუარის“ ისტორიაში. არამარტო იმიტომ, რომ მისი წარმოებისას არაერთ უახლეს ტექნოლოგიას და უახლეს, სერია ინჯენიუმის ძალიან ეფექტურ ძრავებს გამოიყენებენ, არამედ იმითაც, რომ ეს ავტომობილი კომპანიის გაყიდვებს გააორმაგებს და მას გერმანული პრემიუმ ბრენდების რეალურ კონკურენტად გადააქცევს.



მოკლედ ქართულ ბაზარზე „დიდი კატის“ დებიუტი შედგა. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ქართველ ავტომოყვარულს ბრიტანულ უახლეს ტექნოლოგიებთან, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებთან უშუალო კონტაქტის საშუალება ექნება.