ესაქართველოს მთავრობის ანგარიში #001

Day 2,491, 04:17 Published in Georgia Turkey by Barnabius


2014 წლის 5 სექტემბერს ესაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, დემოკრატიული გზით, აირჩა R. P. McMurphy, რომელიც ახალ გუნდთან ერთად საქმიანობას უკვე შეუდგა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა Vettel, რომლის მთავარი საყრდენებიც ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე გახდნენ თავდაცვის მინისტრი - CharlieArg, საგარეო საქმეთა მინისტრი - xSteviex, ფინანსთა მინისტრი - Giorgi IV და განათლების მინისტრი - George Java.
ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი გთავაზობთ არჩევნების შემდეგ განვლილ პერიოდში მომხდარ მოვლენებსა და ცვლილებებზე ანგარიშს, რომელიც სისტემატურ სახეს მიიღებს, რათა ესაქართველოს მოსახლეობა მუდმივად ინფორმირებული გახლდეს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ.


თავდაცვის სამინისტროს ანგარიში:

ესაქართველო მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე დგას - თბილისს, ესაქართველოს დედაქალაქს, ეხსნება თამაშის შემქმნელების მიერ მინიჭებული დაცვა, რაც მას მიმზიდველ სამიზნედ გადააქცევს რიგი ქვეყნებისთვის. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ცდილობს აამოქმედოს კადეტთა აკადემია, რათა ესაქართველოს ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელსაც შეეძლება ქვეყნის დაცვა. მომავალში იგეგმება ახალბედების წამახალისებელი აქციები, რომელიც ითვალისწინებს ვირტუალური მედლების გადაცემას სამაგალითო კადეტთათვის და მათ სოლიდურ დაჯილდოებას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია თითოეული მებრძოლი აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე, რადგან წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთიანი ძალებით არის შესაძლებელი.
გასულ პერიოდში ესაქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ეთურქეთს, შორის, საერთო შეთანხმებით, გაიმართა ომი აფხაზეთის რეგიონში დეტერმინაციის კოეფიციენტის განულების მიზნით. მოვლენები შემდეგნაირად წარიმართა - ჯერ გათავისუფლდა აფხაზეთი, შემდეგ ეთურქეთმა დაიპყრო ესაქართველოს ყველა რეგიონი დედაქალაქის გარდა, ხოლო დასასრულ აჯანყების გზით დაპყრობილი რეგიონები, გარდა აფხაზეთისა, ესაქართველომ დაიბრუნა. საბოლოოდ დეტერმინაციის კოეფიციენტი განულდა სამომავლოდ უცხო ქვეყნის შემოჭრის საშიშროების შესამცირებლად, ხოლო პარტნიორული ურთიერთობა ეთურქეთთან კვლავინდებურად გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ზემოთქმულთან დაკავშირებით ბატონმა პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესაქართველოს მთელი მოსახლეობის ინფორმირება რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით. დაიწერა არაერთი სტატია, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ მოსახლეობის მცირე აქტივობის გამო ინფორმაცია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყურამდე ვერ მივიდა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქვეყნის კეთილდღეობა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მომასწავებელია, ამიტომაც სამთავრობო სტატიების გაცნობა, გამოწერა და ხმის მიცემა გრძელვადიან პერიოდში სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხრისთვის.


ფინანსთა სამინისტროს ანგარიში:

ძლიერი ესაქართველოს წარმოდგენა მყარი, სტაბილური ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია. გასული პერიოდი ქართული ეკონომიკისთვის საეტაპო გახლდათ. მნიშვნელოვანია თითოეულ ბიზნესს საშუალება და პოტენციალი ჰქონდეს განვითარდეს და სარგებელი მოუტანოს ორივე მხარეს - ესაქართველოსაც და თავად საქმის მწარმოებელსაც. ამ მიზნით ფინანსთა მინისტრა წარმოადგინა ახალი პროექტი - "გადასახადები და ბიუჯეტი", რომელსაც მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი პერიოდი ყოველთვის რთული გახლავთ, მით უმეტეს, თუ მიმდინარე პროცესს თან ახლავს დაძაბული შიდა პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. შესაბამისად, ოპონენტები ხშირად არ აძლევენ მთავრობას საშუალებას განახორციელოს რიგი პროექტებისა. ანალოგიური ბედი ეწვია ზემოთქმულ პოტენციურ ცვლილებებსაც, რადგან კონგრესმა მას მხარი არ დაუჭრია.
ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს ესაქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნის განვითარებას.


განათლების სამინისტროს ანგარიში:

ესაქართველოს სამომავლო განვითარებისთვის განათლების სამინისტრომ აუცილებლად მიიჩნია მოსახლეობის აღწერა. ზემოთქმულმა მოიცვა IV, III და II დივიზიები სრულად, ხოლო I დივიზიონი ნაწილობრივ. სამწუხაროდ, დოკუმენტი, რომელშიც ასახულია აღწერის შედეგები ვერ გასაჯაროვდება, ვინაიდან შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ესაქართველოს სამხედრო პოტენციალის შესახებ. ''უწყინარი’' სტატისტიკა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.
განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს მოსახლეობის აღწერის შედეგად დანახული პრობლემების მოგვარებაზე, რის თაობაზეც მომდევნო ანგარიშებში მოგახსენებთ.
ესაქართველოს ეკონიმიკის ასაღორძინებლადა და ახალბედა მებრძოლების დასახმარებლად კიდევ უფრო გააქტიურდა პროგრამა „დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში“. დეტალური ინფორმაციის მოძიება თითოეულ მოქალაქეს მოცემულ ბმულზე შეუძლია იხილოს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში:

ანგარიშის პირველ ნაწილში როგორც მოგახსენეთ, ესაქართველო უახლოეს მომავალში შესაძლებელია დამპყრობელი ქვეყნების სამიზნე გახდეს დაცვის მოხსნის შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფო არ არის მზად მხოლოდ საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს პოტენციურ მტერს, შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი სტრატეგიული პარტნიორი გაიჩინოს საზღვარგარეთ.
განვლილ პერიოდში სასიამოვნო სიახლეა - ესაქართველომა და ეხორვატიამ გააფორმეს ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება(MPP), რაც ქვეყნის პოზიციებს მხოლოდ გაამყარებს. ამავდროულად სამინისტრო ჩაერთო უცხოელი მებრძოლების ნატურალიზაციის პროცესში, რათა ესაქართველოს არმიის რიგები არამარტო შიგნიდან, არამედ გარედანაც შეივსოს.


კადეტთა სამხედრო აკადემია:

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ დაიწყო ახალი ,,ბეიბი ბუმი“. კადეტების აკადემია ფაქტობრივად მკვდარი გახლდათ და ხელახლა ხდება მისი გამოცოცხლება. Facebook-ის გვერდზე განთავსებული რეკლამის წყალობით მოქალაქეთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს. მიმდინარეობს მათი აღწერა და კადეტთა დივიზიაში მოწვევა სამომავლო განვითარებისთვის. რეფერალებიდან შემოსული ოქრო (ამ ეტაპისთვის 160 ოქროზე მეტი) დაიხარჯება ახალბედების საკვებსა და იარაღში, ხოლო სტატისტიკა გასაჯაროვდება უახლოეს მომავალში. კადეტების აკადემიის განვითარებაში ძირითადად ჩართულები არიან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და united georgian party-ს წევრები. ასევე გვეხმარება ერთი წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან. ესაქართველოს მთავრობის დახმარების გარეშე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ კადეტებსა და ახალბედებს საკუთარი ხარჯებით უკვე აღმოუჩინა 2500 ლარის დახმარება საკვებისა და იარაღის სახით.
აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ მთავრობა არ ცდილობს კადეტების პოლიტიზებას და არ მოუწოდებს მათ გაწევრიანდნენ ამა თუ იმ პარტიაში. პირიქით, თითოეული მოქალაქე აუცილებელია, პირველ რიგში, საფუძვლიანად გაერკვეს პოლიტიკურ სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ესაქართველოში ყველა პარტია ასე, როგორც ჩანს, არ ფიქრობს.
ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი ესაქართველოსთვის სახელმწიფოს მთავრობა ასაწყობებს დიდი ოდენობით საკვებსა და იარაღს(3400 Q7), ამუშავებს მრავალ ახალ პროექტსა და პროგრამას, რომელთა იმპლემენტირების პროცესზეც სამომავლო ანგარიშებში დაწვრილებით მოგახსენებთ.


პატივისცემით
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრის დირექტორი
Barnabius