გიორგი მაზნიაშვილი

Day 2,968, 04:42 Published in Georgia Georgia by JetonGreenMan888

გიორგი მაზნიაშვილი (დ. 1870 — გ. 1937) — ქართველი მხედარმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905 წლებში იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე პირადად ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

1918 წლის ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. გიორგი მაზნიაშვილმა მილიციის, პარტიზანული რაზმების და მოხალისეთა მობილიზების შედეგად გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა თურქებს მდ. ჩოლოქთან. 1918წ. ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც ივნისის თვეში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ურდოებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.

1918 წლის ოქტომბერში მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის ოლქის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო 1918წ. ნოემბერში ის იყო საქართველო-სომხეთის ომის მთავარსარდალი. 1919წ. იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920წ. დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. 1921წ. თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან. 1921 წელს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა სასწრაფოდ მობილიზებული ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც „მოღალატეს“ და „სამშობლოს მტერს“ ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია.

გიორგი მაზნიაშვილი დასახლდა თავის მამაპაეულ სოფელ სასირეთში და ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937წ. რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.