[MOC] _ ყვარლის ციხე

Day 2,911, 09:21 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

დღევანდელ რუბრიკაში შემოგთავაზებთ ყვარლის ციხის ისტორიას, სადაც აღწერილია ბრძოლა ლეკებთან და ყვარლის ციხის ალყა.

ყვარლის ციხე ერთ-ერთი დიდი ნაგებობაა კახეთის XVIII საუკუნის ციხესიმაგრეთა შორის. ქალაქის ცენტრში მდებარე ციხე გეგმით თითქმის კვადრატულია. დგას ვაკე ადგილას და ყველა მხრიდან ერთნაირი მისადგომია. ციხე ნაგებია რიყის ქვით. აქა-იქ აგურიცაა გამოყენებული. ციხის კუთხეები და გალავნის შუა ნაწილები კოშკებითაა გამაგრებული.
აღმოსავლეთი კედლის სწორკუთხა სამსართულიანი კოშკის ქვედა სართულში დაბალი და განიერი თაღოვანი ჭიშკარია. დანარჩენ კოშკებს შესასვლელები ეზოს მხრიდან აქვს. ეზოში ნაგებობები არ არის. კოშკებსა და გალავნის კედლებში სათოფურებია დატანებული. ციხის მაღალი გალავანი ორ და სამიარუსიანია. ციხის კედლლების მთელ პერიმეტრზე თავისუფლად შეეძლო ერთდროულად ათასამდე მებრძოლს მოქმედება. ციხეს ჰქონია ოციოდე მეტრით დაშორებული მეორე გალავანი და დამცავი არხი, რომლის კვალი ქალაქის მჭიდრო განაშენიანების გამო თითქმის წაშლილია. გახშირებული ლეკიანობის გამო ერეკლე II-ის (1744-179😎 ბრძანებით ყვარლის ციხე აუგია მის შვილს, იოანეს. ციხეს ლეკთა არაერთი თარეში ახსოვს, მაგრამ მის კედლებთან ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართა 1755 წელს, როცა ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა კახეთისკენ თითქმის მთელი დაღესტანი დაძრა. ზოგიერთი ცნობით, ლეკთა რიცხვი ოცი ათასს აღწევდა. მტერმა ალყა შემოარტყა ყვარლის ციხეს, სადაც ალაზნის გაღმა მხარის მოსახლეობის ნაწილი თავს აფარებდა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ (1744-1762) საწრაფოდ შეკრიბეს ქართლ-კახეთის ჯარები, მაგრამ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას თავი აარიდეს, რადგან არსებული ძალებით ლეკებთან შეტაკება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს და ბრძოლის სხვა ხერხს მიმართეს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის ცნობით, ციხე მედგრად იცავდა თავს, მაგრამ ლეკებმა მეციხოვნეებს გარედან ისეთი მაღალი საფრები შეუკრეს, მტერი ,,შიგ ციხეში თოფს ჩაისროდაო''. ყვარლის ციხის დაცემა ძალზე რთულ ვითარებაში ჩააგდებდა ქართლ-კახეთის სამეფოს. პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, თეიმურაზი და ერეკლე ყვარლის ციხის მნიშვნელობის შესახებ ასე ბჭობდნენ: თუ მტრი ციხეს აიღბდა, მაშინ კახეთის გაღმა მხარე ლეკებს დარჩებოდათ და მათ მთელი კახეთის აოხრებაც აღარ გაუჭირდებოდათ. ამის შემდეგ ისინი ქართლს შეესეოდნენ, ქართველებს უკვე ძალა აღარ ეყოფოდათ. ამიტომ მეფეებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი ეღონათ ყვარლის ციხის გასამაგრებლად მეციხოვნეებს თანდათან ტყვია-წამალი და სურსათ-სანოვაგე ელეოდათ. ერეკლემ და თეიმურაზმა თელავში შეკრებილ ჯარს მიმართეს: თავადებს დიდ წყალობას, აზნაურებსა და ყმა გლეხებს კაცზე ოთხ თუმანს, ორ საკომლო მამულსა და ყმობისგან გათავისუფლებას შეჰპირდნენ, თუ ყვარლის ციხის ალყას გაარღვევდნენ, ტყვია-წამალსა და სურსათს ციხის დამცველებს შეუტანდნენ. დავალება ძალზე სახიფათო იყო, მაგრამ მსურველები გამოჩნდნენ, როგორც თავადაზნაურთა, ისე გლეხთა მხრიდან _ სულ 105 კაცი. ამის შემდეგ ერეკლე ქიზიყში ჩავიდა და ციხის ალყის გასარღვევად კიდევ 103 კაცი შეკრიბა. 208 მებრძოლიდან 9 თვადი იყო, 2 აზნაური, ერთი ხუცესი, დანარჩენი გლეხები.
ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი: სოლომონ ქობულისძე, ფარემუზ თაყაშვილი, ბეჟან რატიშვილი, ერასტი ნამორაძე, რევაზ იოთამაშვილი, ვახტანგ გუგუნაშვილი, ზედგენიძე, მაჩბელი... მოხალისეებს სათვეში ჩაუდგა პაპა ბებურიშვილი. მეფემ მათ უხვად მისცა ციხეში შესატანი ტყვია-წამალი და სირსათ-სანოვაგე. მებრძოლებმა ალაზანი გადალახეს და ღამით გავაზის მხრიდან მიადგნენ ყვარლის ციხეს. ლეკებმა შეამჩნიეს ქართველები და სცადეს მათი შეჩერება. ქართველებმა სასტიკი ბრძოლით გაიკვლიეს გზა. როგორც მემატიანე წერდა: გულოვანობით, სიმხნითა და ვაჟკაცობით ,,მივიდნენ ქართველი ყვარლისა ციხესა'' მეციხოვნეებმა სწრაფად გაუღეს კარი დასახმარებლდ მისულ თანამებრძოლებს. ამის შემდეგ ციხე კიდევ 4 თვე შეძლო მტრის იერიშების მოგერიება. ციხის ალყა გაჭიანურდა ამასობაში ერეკლემ და თეიმურაზმა თავიანთი რაზმები შეუსიეს ლეკების იმ მხარეებს, რომელთა მფლობელები ყვარლის ციხესთან იდგნენ. ამ ამბავმა მტერი დიდად შეაშფოთა. ჯარში უკმაყოფილება დაიწყო: ,,ჩვენ აქ ერთ ციხეზე ვიღლებით და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებსო''. უკმაყოფილება დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველად ჭარელი და ხუნძახელი ლეკები დაერივნენ ერთმანეთს. შეხლა-შემოხლაში ბევრი ლეკი დაჭრილა, ერთი მოუკლავთ კიდეც.


არ გაჭრა ნურსალ-ბეგის თხოვნამაც _ ეს ციხე ამაღებინეთ, მერე კახეთს დავიპყრობ და თქვენს გარჯასაც დავაფასებო. ჯერ ჭარელებმა მიატოვეს ყვარლის ციხის კედლები, მათ კაკის სულთანიც გაჰყვა თავისი რაზმით. ამის დანახვაზე ნუხის ხანმაც თავის ქვეყანას მიაშურა. ლეკებს ციხის აღების იმედი გადაეწურათ, მათ უკვე თავდაცვაზე დაიწყეს ზრუნვა, რადგან მომძლავრებული ქართველები შეტევაზე გადასვლას აპირებდნენ. ასეთ პირობებში დაღესტნელი სურხაი-ხანიც გამოეთიშა ბრძოლას და უკან გაბრუნდა.
თანამებრძოლებისგან მიტოვებულმა ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ბოლოს ყვარლის ციხელ ალყა მოხსნა და პატარ-პატარა რაზმებით საგარეჯოს, აღჯა-ყალას, ბაიდარის ციხესა და ბორჩალოს სოფლებს შეესია. აღჯა-ყალისა და ბაიდარის ციხეებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, თუმცა ლეკებმა ცალკეული სოფლების გაძარცვა მაინც მოახერხეს. მალე მათ ქართლ-კახეთის სამეფო დატოვეს.


სტატია აღებულია ჟურნალ ,,არსენალიდან''
ავტორი: დავით მინდორაშვილი (ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი)
ასევე იხილეთ ვიდეო აქ!
P.S ხმა მიეცით!