სამოქალაქო განათლებათა ლექსიკონი

Day 2,780, 13:59 Published in Georgia Georgia by Mr Chkadua

შემოგთავაზებთ განმარტებებს, სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისა:

ტოტალიტარიზმი

აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკური იდეოლოგია. სახელმწიფო სოციალიზმი, კომუნიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმი ტოტალიტარიზმის არც თუ დიდი ხნის წინანდელი გამოვლინებებია. ტოტალიტარულია სახელმწიფო, რომლის მმართველობის სისტემა არ არის შეზღუდული კონსტიტუციურად, ანდა არ არის შეკავებული საზოგადოების სხვა ძალების მიერ (როგორიცაა: ეკლესია, პროფკავშირები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და ა.შ.). ასეთ სახელმწიფოში ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე პერიოდული, ფარული და სამართლიანი არჩევნებით. თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლისათვის იყენებს, როგორიცაა: ოჯახი, რელიგია, განათლება, ბიზნესი, კერძო საკუთრება თუ სოციალური ურთიერთობანი. ტოტალიტარული სისტემის ფასადის უკან ადვილი აღმოსაჩენია განუკითხაობა, მართვის არაპროფესიონალიზმი და ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური კლანები, რომლებიც სახელმწიფო საშუალებებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ტოტალიტარული რეჯიმი, როგორც წესი, ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული დამრღვევია, ვინაიდან სხვა რეჯიმებთან შედარებით უფრო ხშირად მიმართავს ომებსა და გენოციდს.

ავტორიტარიზმი

მმართველობის ფორმა, ან დემოკრატიის საწინააღმდეგო თეორია, რომელიც იცავს მმართველობის ამ ფორმას, რომლის დროსაც არ არის აუცილებელი თანხმობის არსებობა ხელისუფლებას, მის გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებას შორის. არჩევნები და დისკუსიების მიზანი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული იმიჯის შექმნაა მაშინ, როდესაც კონტროლი მთლიანად ხელისუფალთა ხელშია. ავტორიტარი მმართველნი თავიანთ ძალაუფლებას ძირითადად რელიგიურ და/ან ნაციონალისტურ მოთხოვნებზე აფუძნებენ. მათი მმართველობა იძულებას ეყრდნობა და არა კონსტიტუციურ შეზღუდვებს. ავტორიტარული რეჟიმის მსხვრევისა და მისი ლიბერალიზაციის შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ: 1. ავტორიტარულ რეჟიმს ესმის იმ ვითარების დროებითი ხასიათი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისი შექმნა. აქედან გამომდინარე, როდესაც აღარ არის ამ სახის რეჟიმის არსებობის აუცილებლობა (ან სულაც შესაძლებლობა) ის იმსხვრევა. 2. რეჟიმი კარგავს „ლეგიტიმურობას” და ვინაიდან ვერც ერთი რეჟიმი იარსებებს ლეგიტიმურობის, ანუ საზოგადოებისგან აღიარების, თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე, ის იმსხვრევა. 3. მმართველი ძალის (განსაკუთრებით, სამხედრო ძალის) შიგნით წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტა ამ ძალის შიგნითვე ხდება შეუძლებელი. ამ ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი (ფრაქცია) დახმარებისათვის გარეშე ძალას იწვევს. ამდენად, მმართველი ძალა, როგორც ასეთი, წყვეტს არსებობას. 4. საზღვარგარეთიდან ზეწოლა და დემოკრატიულობის მოთხოვნა მმართველ ძალას კომპრომისებისაკენ უბიძგებს.

ლიბერალიზმი

ერთ–ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ–პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლ–ის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს–ში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, იგი XIX ს–ის 30–40–იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლ–სთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსესუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლ. ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლ–დან XIX-XX სს–ების ნეოლიბერალიზმამდე. თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო–ტექნოლოგიური, სოციალურ–პოლიტიკური და სხვ. გლობალური, ძირეული ცვლილებების გავლენით იგი დღესაც განიცდის ევოლუციას.

ანარქია

ცალკეული პირების ადამიანთა ჯგუფების მიერ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობით გამოწვეული უწესრიგობა და მასობრივი არეულობა. ა-ის წყარო ქვეყანაში, როგორც წესი, არსებული ხელისუფლების არალეგიტიმურად გადაქცევა ხდება, რაც თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს რევოლუციით ან სახელმწიფო გადატრიალებით. ასეთ პირობებში ანარქიულია პერიოდი, როდესაც ძველ პოლიტიკურ ინსტიტუტებს აღარავინ ცნობს, მათ ალტერნატიულ ინსტიტუტებს კი ჯერ არ მოუპოვებიათ საყოველთაო აღიარება ა. საერთაშორისო ურთიერთობებში უნივერსალური მთავრობის, ცენტრალური ხელისუფლების არარსებობაა. ა. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელიც საერთაშორისო სისტემის სოციალურ-პოლიტიკურ ხასიათზე, მის ზოგად მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ა-ის ლოგიკის მიხედვით, სახელმწიფოები რაციონალური მოქმედი პირები არიან, რომლებიც ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და მათი ურთიერთქმედების მთავარი გამოვლინებები თანამშრომლობა და კონფლიქტია. ზოგიერთი ავტორი ა-ს განმარტავს როგორც ავტორიტეტული ინსტიტუტების, წესებისა და ნორმების არარსებობას საერთაშორისო ურთიერთობებში, როთაც საერთაშორისო სისტემა ჰობსისეულ „ბუნებრივ მდგომარეობას“ ემსგავსება, რომელშიც მიმდინარეობს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“. ა. საერთაშორისო ურთიერთობების კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ცნებაა. რეალისტები მიიჩნევენ, რომ ა. ხელს არ უშლის წესრიგის დამყარებას ან საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხოლო იდეალისტების აზრით, წესრიგის მიღწევა საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ რაიმე სახის საერთაშორისო მმართველობის შედაგად გახდება შესაძლებელი. ა-ის პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში მჭიდროდ უკავშირდება წესრიგის, თანამშრომლობის, უსაფრთხოების დილემას, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებს. კონსტრუქტივიზმის მიხედვით, ა. „სახელმწიფოების ქმნილებაა“ და არ წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების თანდაყოლილ თვისებას, ამიტომაც მისი გადალახვა შესაძლებელია.


––––––––––––––

მემარცხენე

თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში აღნიშნავს რადიკალურ ან პროგრესულ-სოციალისტური მიმდევრობის მომხრეს. აღნიშნულ ტერმინს თავდაპირველად ჰქონდა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა - მემარცხენეებად იწოდებოდნენ 1789 წელს საფრანგეთის გენერალური შტატების სხდომის მიმდინარეობისას მეფის მარცხნივ მსხდომი მესამე წოდების (საქალაქო კორპორაციების) წარმომადგენლები. მეფისგან მარჯვნივ მდებარე, უფრო პრესტიჟულად მიჩნეული ადგილები თავადაზნაურობას ეკავა. ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობა განპირობებული იყო სიტყვა „მარცხენის“ ძირითადი მნიშვნელობით - უფრო სუსტი ხელი. ფრანგულად „gauche“ (მარცხენა, მოუხერხებელი, უთავბოლო), ლათინურად „sinister“. საფრანგეთის დიდი რევოლუციისას თავმჯდომარის ადგილიდან დარბაზის მარცხენა ნაწილი, ჩვეულებრივ, რადიკალებსა და თანასწორობის მომხრეებს ეკავათ. მემარცხენის რეალური მნიშვნელობა არსებითად იცვლება დროის და ადგილის შესაბამისად, რომლის შედეგად ტერმინმა საკმაოდ არაერთგვაროვანი მნიშვნელობა შეიძინა.

მემარჯვენე

როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინის წარმოშობა სრულიად შემთხვევით გარემოებებს, საფრანგეთის პირველ რევოლუციურ პარლამენტში (1789) დეპუტატთა მიერ დაკავებულ ადგილებს მიეწერება (იგივე ითქმის მემარცხენეობის შესახებაც). უკიდურესად მარცხენა ადგილები დაკავებული ჰქონდათ იაკობინელებს, რომელიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფება იყო. ცენტრში ზომიერები, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ადგილებზე კლერიკალები და როიალისტები განთავსდნენ. ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მონარქია და პრივილეგიები მაშინ, როდესაც მემარცხენეები ქვეყანაში სახალხო სუვერენიტეტის და რადიკალური გარდაქმნების მომხრეები იყვნენ. იმავე მნიშვნელობით ტერმინები მემარჯვენე, მემარცხენე დღეს, რა თქმა უნდა, აღარ გამოიყენება. ერთ–ერთი გავრცელებული კრიტერიუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული მოღვაწეების პლატფორმას მეარჯვენეობა/ მემარცხენეობის სპექტრზე გაანაწილებდა, არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, ინდივიდისა და ეკნომიკის მიმართ. მემარჯვენე პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ინდივიდის ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობაში ჩარევის მინიმალიზაციას. მ., როგორც წესი, ელიტისტური თუ სხვა მოსაზრებებით, ეწინააღმდეგება მოსახლეობის ფართო ფენების ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, რადიკალურ რეფორმებსა და ცდილობს არსებული პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებას. ტერმინი „მემარჯვენე“ ხშირად „კონსერვატორის“.

ცენტრისტული

მმართველობისა და ორგანიზაციის სისტემა, რომლის დროსაც სტრუქტურული ელემენტები ურთიერთდაქვემდებარეულია იმგვარად, რომ ყოველი ელემენტი ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული ზემდგომი ინსტანციით და ასეთივე სახით განსაზღვრავს ქვემდგომს. ამასთან, ც–ის აუცილებელ პირობას ის წარმოადგენს, რომ მთელი სისტემა იმართება ერთი ცენტრიდან. მმართველობისა და ორგანიზაციის მსგავსი პოლიტიკური სისტემის ყველაზე ნათელი ნიმუში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია იყო.