საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო მიმართვა

Day 2,448, 19:09 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy


მოგესალმებით ყველას
იქნება ეს ჩვენი ამომრჩეველი, პარტიის წევრი, კონგრესმენი ჩვენი პარტიიდან თუ სხვა ნებისმიერი კატეგორიის ექართველი.
მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ჩემს მეტოქეებს და მათ მხარდაჭერებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვუხდი მათ ჩვენი სტატიის წაკითხვისთვის.

საპრეზიდენტო კანდიდატი და მისი გუნდი
პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელსაც წარმოვადგენ და რომელთა სახელითა თუ მხარდაჭერით მოვდივარ ხელისუფლების სათავეში.
ეს არის პარტია Will of Georgia, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ. პარტიას არცთუ დიდი ხნის წინ შემოუერთდა პარტიის Republican Party of Georgia ძირითადი ბირთვი (იმ პარტიაში დარჩენილი არიან ან "მკვდარი სულები", ან ხალხი, ვისაც ქართულ პოლიტისტებლიშმენტთან საერთო არაფერი აქვთ).
ჩვენი პარტია დღეისთვის წევრების სიმრავლით მეორეა ქართულ პარტიათა შორის. აგრეთვე კონგრესშიც წარმოდგენილია 9 ადგილით, რაც 2 ადგილით ჩამორჩება პირველ ადგილზე გასულ პარტიას და კონგრესშიც სიმრავლით მეორეა.
ჩვენი პარტია გამოირჩევა აქტიური წევრების დიდი რაოდენობით. გუნდში თანაბარ ადგილებს იყოფენ როგორც "ძველი გვარდია", რომლებიც წლების მანძილზე ჩემთან ერთად მხარდამხარ მოდიან, აგრეთვე "ახალი სისხლი", უაღრესად ენერგიული და აქტიური ახალი ემოქალაქეები.
ჩვენი პარტია იმყოფება კოალიციაში და ძმურ კავშირში პარტიასთან Caucasian Front-Georgia . სიმართლე გითხრათ პირადად მე ამ ორ პარტიას ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, უბრალოდ ორ სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებული.

რაც შემეხება მე
ვარ ერესპუბლიკის მოთამაშე 2009 წლიდან
ვარ ესაქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სამხედრო შენაერთის "საქართველოს ეროვნული არმია" მეთაური და დამაარსებელი, ყველა მოწვევის კონგრესმენი, ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ვიყრი პირველად.



რის გაკეთებას გპირდებით, ჩემი არჩევის შემთხვევაში


1. პოლიტიკური რეფორმა - კონგრესის გაძლიერება
ჩემი აზრით დღევანდელი კონგრესი არასაკმარისადაა დატვირთული და ქართული მოვლენების მიღმა დგას. პირველ რიგში გადაწყვეტილებების მიღებაში. მე მსურს პრეზიდენტის პოსტი შევასუსტო და გავაძლიერო კონგრესი. მე ეს ასე წარმომიდგენია: ქვეყნისთვის საჭირბოროტო გადაწყვეტილებებს იღებს კონგრესი, უბრალო ხმის მიცემით (იმ საკითხებზეც, რომლებსაც ამ თამაშში საკითხს ვერ გაიტან კენჭისყრაზე. მზად ვარ სხვა დამატებით კენჭისყრის სისტემას გავუკეთო ორგანიზება). შემდეგ პრემიერმა გააცნოს პრეზიდენტს პარლამენტის გადაწყვეტილება და პრეზიდენტმა რეზოლუცია დაადოს ხალხის არჩევანს.
ამავე დროს პრეზიდენტს შეუნარჩუნდება ვეტოს გამოყენების უფლება.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა იმართოს არა ერთი ან რამდენიმე პიროვნების მიერ, არამედ ხალხის მიერ (კონგრესი მოგეხსენებათ ხალხს წარმოადგენს).
გარდა ამისა საჭიროა პოლიტიკოსთა ახალი ტალღა გამოიჭედოს. კონგრესმენებმა ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე სწავლით.
უხეში შეცდომების დაშვებისგან პრეზიდენტი და მისი ვეტო დაიცავს 🙂.
ძლიერი პოლიტიკოსები ძლიერი ქვეყნის წინაპირობაა. ჩვენთან სასტიკი დეფიციტია პოლიტიკოსების. ვფიქრობ აუცილებელია "მიეცეს ნიჭსა გზა ფართო".
ბოლოს და ბოლოს ეს დემოკრატიის საფუძველია. ქვეყანა უნდა მართოს ხალხმა, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით. უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები შანსი ხელისუფლების უზურპაციისა. თუნდაც ეს იყოს პრეზიდენტი და თუნდაც ეს პრეზიდენტი ვიყო მე.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ეხება ნებისმიერ კონგრესმენს, განურჩევლად მათი პარტიისა. კონგრესმენები ხომ ხალხის წარმომადგენლები არიან. ხალხი და ხალხის ნებას კი მე ვერ დავყოფ "ჩემად" და "სხვისად".

ცალკე აღსანიშნავია კიდევ "ხელისუფლების გაყოფის" აუცილებლობა, ამჯერად უკვე პოლიტიკურ ძალთა შორის. არ ვიცი რა შედეგით დამთავრდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად მინდა ვიხილო ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი - სტივი. ნატურალიზირებული ექართველი, ჩვენი მოძმე უკრაინიდან.

2. ეკონომიკური რეფორმა
ფინანსთა მინისტრის რანგში წარვადგინე 3 პროექტი, რომელიც ჩემი აზრით სამი დიდი პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება.
ეს პროექტები შექმნილია, დამუშავებულია და წარმოდგენილია ჩემს მიერ. სამწუხაროდ პრეზიდენტი ყურადღებას არ აქცევს მათ (ერთხელ ვკითხე აზრი და არც წამიკითხავსო მიპასუხა). კონგრესი კი როგორც უკვე მოგახსენეთ არ ფლობს იმ უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს რამე.
სამწუხარო და გაუგებარია პრეზიდენტის ასეთი ქცევა. მე ორ ვარიანტს ვუშვებ. ერთი, პრეზიდენტი გულგრილია. მეორე, აიგნორებს, რადგან ოპონენტის წარმოდგენილია.
რადგან, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, ეს სამივე პროექტი უნიკალურია და ბოლომდე დახვეწილი. შესასრულებლად იოლი და ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დამყენებელი (მესამე პროექტი სამხედრო საქმეს ეხება მართალია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია).
ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გპირდებით სამივე პროექტის მიღებას, ამოქმედებას და იმ ხალხს, ვინც ამ ყველაფერს ერთად და ცალ-ცალკე ჩაუდგება სათავეში, ინსტრუქტირებას, შემდეგ კი თვალყურის დევნებას, რომ ყველაფერმა კარგად იმუშაოს.
ნათლად მაქვს წარმოდგენილი, როგორ უნდა იმუშავოს ამ ყველაფერმა კარგად და წარმატებულად. უბრალოდ მჭირდება შანსი მომეცეს ამის გაკეთების.
წარმოგიდნეთ სამივე პროექტს
1. მოთამაშეთა კრედიტირება, მეორე განხილვა.
2. ფასების რეგულაცია ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, მეორე განხილვა
3. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა

ჩემი პოლიტმეტოქეები



ჩემს ძვირფას 2 მთავარ პოლიტმეტოქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურებ მათ მიმართ ჩემს უსაზღვრო პატივისცემას.
თუკი პოლიტიკურ ორომტრიალში არ ვერიდები მათთვის ლაფის სროლას (სიტყვას მოყვა და დამსახურებულად), დღეს ვეცდები პოლიტკორექტულობა შევინარჩუნო და არ ვისაუბრო მათზე ბევრი. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მინდა ამომრჩეველზე ზეწოლა მოვახდინო ოპონენტების ძაგებით.
ოპონენტების მხრიდან ჩემს ძაგებაზე (და იგნორირებაზე) კი ვფიქრობ, რომ ეს ისევ ჩემს რეიტინგზე და სიძლიერეზე მეტყველებს. ამიტომ მათგან იგივე ქმედებას ერთგვარი კმაყოფილებითაც კი ვაკვირდები.
თუმცა ვისურვებდი მათი გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების შესახებ წამეკითხა მეტი.



ჩემს ძვირფას ქართველ ეხალხს კი კიდევ ერთხელ მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვ, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი, გამოიყენონ მათი უფლება და მისცენ ხმა სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს. მიეცით ხმა იმ კანდიდატს, რომლის გამარჯვებაც თქვენი აზრით უფრო მეტად წაადგება ესაქართველოს. მე თქვენს ნებისმიერ არჩევანს დიდ პატივს ვცემ და დავემორჩილები მას. და თუ თქვენ არა მე, არამედ სხვა კანდიდატს მისცემთ ხმას, ისეთივე მადლობას მოგიხდით არჩევნებში მონაწილეობისთვის, როგორც საკუთარ ამომრჩეველს.