დიდგორის ბრძოლა

Day 2,807, 14:45 Published in Georgia Georgia by Mr Nijaradze

ჩვენც ვიბრძოლთ E- საქართველოსთვის ისე რპგორც წინაპრები იბრძოდნენ ჩვენთვის
წაიკითხეთ ველამ!!
დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო) — ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველიას სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნულიული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.

ვის მიმართეს დახმარებისათვის თურქებმა და ქალაქების წარმომადგენლებმა? ამ კითხვაზე საისტორიო წყაროებს სხვადასხვაგვარი ცნობები აქვთ დაცული; ასე მაგალითად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, „შეიწრებულნი თურქმანნი“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „წარვიდეს სულტანს წინაშე და ყოველსა სპარსეთსა“, ე.ი. ისინი, უპირველესად, სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება „წარვიდეს... ყოველსა სპარსეთსა“ სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის მახედვით კი, შავტანაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები „გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“.

მათე ურჰაელის მიერ მოხსენიებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრას მონაწილედ მოხსენიებული და სულთნის ძედ მიჩნეული მელიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა და სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს, უწინარეს ყოვლისა, განძაში მყოფი მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს — ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროების ილღაზი არდუხის ძე.

განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილისის ხალხი წავიდა ნაჯმ-ად-დინ-ილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“. ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევს გოტიეც. მართალია, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთ შეთანხმებაც მოსახერხებელია.

როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს, უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთნისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის — ტაფარის ძისათვის, ან კიდევ ილღაზისათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამას გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.

ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს (1117-1131 წწ.). სწორეს ის იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მხოლოდ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“ თვით უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.

ადვილი ასახსნელია ალ-ფარიკისა და გოტიეს მცირე უზუსტობაც, როცა ისინი ამ საქმის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევენ; როგორც ჩანს, ალ-ფარიკიმ და გოტიემ თბილელთა ელჩობის შედეგად საქართველოსაკენ დაძრული კოალიციური ლაშქრობის სათავეში მყოფი ილღაზი ჩათვალეს იმ პიროვნებად, რომელსაც „თბილისის ხალხმა“ დიდგორის ბრძოლის წინ მიმართა თხოვნით.

სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილისელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა: „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში.