საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

Day 2,526, 04:12 Published in Georgia Canada by Giorgi Jincharadze
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

დამოუკიდებლობის გამოცხადება
1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:

ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

სახელმწიფო ხელისუფლება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

მთავრობის თავმჯდომარე — ნოე რამიშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი.
შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი.
სამხედრო საქმეთა მინისტრი — გრ. გიორგაძე.
ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გ. ჟურული.
იუსტიციის მინისტრი — შ. ალექსი-მესხიშვილი.
სახალხო განათლების მინისტრი — გ. ლასხიშვილი.
მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნ. ხომერიკი.
მიმოსვლის გზების მინისტრი — ი. ლორთქიფანიძე.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება

საშინაო მდგომარეობა
არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, პირველ რიგში - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.
ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია
1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

V+S+C