„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“

Day 2,641, 11:48 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze

„ყველაფერი შეიძლება, წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს, თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას.“ -თქვა ზვიად გამსახურდიამ და დამონებული საქართველოს ცისგვამში ელვასავით იჭექა და იგრგვინა ამ სიტყვებმა. ერის უპირველესი საზრუნავის, თავის თავზე ბატონობის, ანუ თავის უფლების სურვილმა სძლია მანამდე არსებულ ყველა სურვილს, ამოატივტივა თერგდალეულების ერთ-ერთი ძირითადი დევიზი საყოველთაო მოძრაობასთან ერთად _ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“. -ეს ის მაგიური სიტყვებია, რომლებიც საუკუნეების წინანდელი ჯურღმულებიდან ლაგამახსნილი ქიმერებივით გამორბიან და უღელდადგმულ ხალხს აუწყებენ უმთავრეს სათქმელს.

ეროვნული თვითმყოფადობა _ ერის არსებობის თვითმიზანი.

ამბობენ, „ისტორიისგან იმის სწავლა შეიძლება, რომ მისგან არაფერს ვსწავლობთო,“ მაგრამ იმის სწავლა კი ნამდვილად შეიძლება, რომ არ არსებულა ქვეყნად ერი, რომელსაც შეეცნო თავისი ეროვნულობის არსი და არ გაჩენოდა გულში დამოუკიდებლობის ზრახვა. ( თუ, რა თქმა უნდა, დაკარგული ჰქონდა იგი.) აქედან ვასკვნით, რომ მონობაში მყოფი ერის ერთადერთი სანუკვარი მიზანია დამოუკიდებლობის მოპოვება თუ აღდგენა და ეს ის შემთხვევაა, როცა „მიზანი ამართლებს საშუალებებს.“ ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების უმართებულო გზა არ არსებობს თვითონ მიზნის სიდიადიდან გამომდინარე. მიზანი ყოველთვის მიღწეულია, რადგან ადამიანს (მით უმეტეს ერს) არ ძალუძს სამარადისო მონობაში ყოფნა, მონობის უღელი დროდადრო ცვდება და ვიდრე მისი ახლით გამოცვლა მოხდებოდეს, ერი ხდება თავისუფალი.

თუმცა რაც შეეხება სუსტ ერებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ბაზისი იმისა, რომ მასზე აშენდეს სახელმწიფო, ისინი აწყდებიან დიდ პრობლემას. მათ არ ძალუძთ, ეყუდნონ საკუთარ თავს. ამის თვალსაჩინო მაგალითია თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელსაც მიესაჯა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თურქმენი ეთნოსი, როგორც ერი, სსრკ-ში ჩამოყალიბდა და არ გააჩნდა ისტორია, ის, რითაც უნდა ესულდგმულათ თურქმენეთის თანამედროვე შვილებს. „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა.“ უწარსულოდ არ იქმნება აწმყო და ვერ იქმნება მომავალი.

მაგრამ იმდენად დიდია ერის სიღრმეში დამოუკიდებლობისადმი სწრაფვა, იმდენად ტკბილია „თავისუფლების ხის ნაყოფის“ გასინჯვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტმა შექმნა გამოგონილი ისტორია თურქმენთა, (რომლის მიხედვითაც თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთი თურქმენთა მიერაა შექმნილი და ანბანიც და დამწერლობაც მათ ჰქონდათ პირველთ.. თუმცა ეხლა არა აქვთ. დაკარგეს, ალბათ.) ეს ისტორია ისწავლებოდა და დღემდე ისწავლება სკოლაში და თანამედროვე თურქმენთა შეგნებაში ისინი დიადი სახელმწიფოს ნგრეული ნაშთის რეკონსტრუირებული ნაგებობის ბინადარნი არიან. ამდენად ძლიერია სიტყვები _ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.“

იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენი თავისვე უფალნი უნდა ვიყოთ, საჭიროა, მოხდეს ერის სრული კონსოლიდაცია, რადგან დეგრადირებულ, ჩამოშლილ და დემორალიზებულ ხალხის მასაში (რადგან მათ ერს ვეღარ ვუწოდებთ) არათუ სახელმწიფოებრიობის, მოქალაქეობრივი ზნეობის განცდაც კი ქრება.

გუგა ნემსიწვერიძე