გიყვარდეს მოყვასი შენი

Day 2,595, 05:29 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze

რელიგია ადამიანის სულის გაკეთილშობილებას ემსახურება, რისი გარანტიც კაცთაშორისი სიყვარულია. ამიტომაა, რომ მსოფლიოს ძირითადი რელიგიები ზოგადკაცობრივ სიყვარულს ქადაგებენ. რელიგიები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ერთმანეთის მსგავსნი და ხატნი არიან, რის გამოც მათ შორის განსხვავება არაა და თუ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი, სხვაც უნდა უყვარდეს.

თუმცა არის ერთი პრობლემა.

თითოეული ადამიანი სხივსგან დამოუკიდებელი ინდივიდია, აზროვნებს სხვანაირად, მაშასადამე, აქვს განსხვავებული მისწრაფებები, რაც მის პერსონალურ ხასიათს განაპირობებს, მაგალითად, შურს, რომელიც პირდაპირ უშლის ხელს ადამიანთშორის სიყვარულს. შური პირიქით, ბოღმას იწვევს ადამიანში, რის გამოც წარმოიქმნება ძალადობა, ხოლო როგორც ენტონი ბერჯესმა თქვა: „ძალადობა ძალადობას შობს“, სხვას არაფერს.

მაგრამ თუ საკითხს ქრისტიანული რელიგიიდან გამომდინარე შევხედავთ, ძალადობას და ავკაცობას კეთილი გულით უნდა შევხვდეთ, (საკუთარ თავზეც კი!) ქრისტე გვქადაგებს, რომ თუ ბოროტ ხნულში კეთილ მარცვალს დავთესავთ, სიკეთის მოსავალს მივიღებთ. ქრისტე გვქადაგებს: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი თვისი“. „მოყვასს“ რომ თავი გავანებოთ, საერთოდ, ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, რას წარმოადგენს იგი, მაინც უნდა გვიყვარდეს.

თუმცა ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ თითქმის არავის ძალუძს „მეორე ლოყის მიშვერა“ სილის გაწვნის შემდეგ. ამ შემთხვევაში, ძალადობაზე ძალადობით მიგება სავსებით ლოგიკური ქმედებაა, თავდაცვის ინსტიქტია, რომელსაც, თუ ქრისტიანიზმიდან გამოვალთ, ღმერთი უბოძებს-ხოლმე თითოეულ ჩვენგანს. მხოლოდ კეთილი საქმის კეთება ადამიანურ ჩარჩოებს სცდება. გონებრივ მექანიზმს არ შეუძლია, ყველა მოქმედებაზე ერთნაირი რეაგირების მოხდენა. დიდი ხანია მიხვდა ამას კაცობრიობა:

„და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე,
ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო?“

ჰაინრიხ ბიოლის ეს სიტყვები მისი ერთ-ერთი რომანის („უკაცო სახლი“) ლაიტმოტივად გვევლინება და გვამცნობს ამ სამყაროს ცოდვით დამძიმების სურათს.

მოყვასის სიყვარული? -თუ ბრძოლა გადარჩენისათვის? -რა არის ცხოვრების ერთადერთი წესი? - შესანიშნავად უთქვამთ ძველ რომაელებს: _ „Homo homini lupus est“ („ადამიანი ადამიანისთვის მგელია“).

ნემსი წვერიძე