ჩემი პირველი ზიარება

Day 2,585, 04:09 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze


„ზის ღმერთი ცაში და იცინის, რადგან ადამიანებს მისი არსებობისა არ სჯერათ.“
იუსტაინ გორდერი - „ბანქოს საიდუმლო“


***
ადამიანს, როცა ახალგაზრადა ხარ, ცხოვრება ხანგრძლივი გეჩვენება და ცდილობ, როგორმე მოკლა დღევანდელობა.. ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ ის აღარ ხარ, რაც ათი, ოცი წლის წინ იყავი. ამ დროს ცაში უნდა აიხედო, ღმერთს თვალებში ჩახედო და ჩურჩულით უთხრა: _„მაცოცხლე, უფალო!“ _ და როცა ღმერთი თანხმობის ნიშნად გაგიღიმებს, მიხვდები, რომ შენი სიცოცხლე ამად ღირდა და თუნდ მეორე წამს მოკვდე, მაინც მადლობელი იქნები უფლისა, რადგან რწმუნდები, რომ ვიღაცას მაინც ახსოვს ამქვეყნად შენი არსებობა.

***
უჩვეულო სიცარიელეა ჩემს გარშემო. დედაჩემიც სად გაქრა ამდენ ხანს?! ნუთუ, ისევ ხატებთან დგას, ლოცვანით ხელში? -რელიგიური ფანატიკოსია დედა. ალბათ, მისი გავლენაა, ღვთისმოშიში რომ ვარ. დღეს ხომ ყოველივე: მეცნიერება, ტექნიკა, თუ ადამიანი ღმრთის წინააღმდეგაა მიმართული. გამიგია, პიროვნების ჩამოყალიბებაში დედას აქვს ყველაზე დიდი როლიო.სხვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დედაჩემზე კი მართლაც ასე ვფიქრობ.
დედაჩემის ხმა ისმის მეზობელი ოთახიდან. აი, თურმე სად ყოფილა..

-წმინდაო ღვთისმშობელო, ქალწულო მარიამ, გევედრები, დაიფარე ჩემი შვილი განსაცდელისაგან. ვიცი, რომ გამიგებ, შენც ხომ დედა ხარ, ტანჯული დედა და გთხოვ, დაიცავი ჩემი ერთადერთი იმედი ეშმაკის თვალისაგან. გთხოვ ამას, როგორც მშობელი მშობელს, როგორც დედა დედას, როგორც ქალი..
გახშირებულ სუნთქვაზე შევატყვე _ ცრემლები წასკდა. ნეტავ, თუ არის რამე ამ ქვეყნად დედის ცრემლებზე წმინდა?! ჩემი ნება რომ იყოს, ყველა დედის ცრემლს ერთად მოვაგროვებდი, წმინდანად შევრაცხავდი და შარავანდედს დავადგამდი თავზე.
-უკვე ჩაიცვი, დედა გენაცვალოს?
-კი, დედა, რა ხანია. _ ვუპასუხე და აჩქარებით დავიხედე საათზე. მოძღვარი უკვე მოსუ-
ლი იქნება ეკლესიაში.
-თბილად ჩაიცვი, ხომ ხედავ, ცივა. აგერ, ჟაკეტიც მოიხურე.

ვიცი, დედაჩემთან შეკამათებას აზრი არ აქვს. უთქმელად ავუსრულე სურვილი, დროებით დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. მართალი ყოფილა დედა. მარტის სუსხი მწვავდა ლოყებს. მე კი _ გრძელ კაბაში გამოწყობილი, ძლივს-ძლივობით მივაბიჯებდი ეკლესიისკენ მიმავალ აღმართზე. სასტიკი, აუტანელი სიცივე იყო გარშემო. მდინარის ხეობიდან დაძრული ნისლი მოლასლასებდა მთის ფერდობზე, მზერაგაუვალ ჰორიზონტზე ძლივსღა მოჩანდა საუკუნოვანი ხეებით გარშემორტყმული ეკლესია. წლების მანძილზე მრავალწლიანი ურთხმელის ხეთა ჯარი მომნუსხველი მზერით მუსრავდა მთის გადაღმიდან მომავალ მტერს..

მე კი _ გრძელ კაბაში გამოწყობილი, ქანცგაწყვეტილი მივაბიჯებდი ეკლიან გზაზე იმ იმედით, რომ ჩავწვდებოდი ოდესმე ღმრთის არსს, ყოვლადშეუცნობელს, ამ შეუცნობელ სამყაროში. წინ მივიწევდი ეკლიან გზაზე და თვალწინ მედგა Via Dolorosa-ზე მიმავალი მაცხოვარი, ეკლის გვირგინით თავდამშვენებული, ჯვრით მხარზე.. სასიამოვნოა მწვერვალისკენ მიმავალი გზა, როცა გზის ბოლოში ხსნა გელოდება, გელოდება ჭეშმარიტება და დიადი იმედისგან გულმოცემული ყველა დაბრკოლების გადასალახად მზად ხარ..

თითქმის გამოჩნდა ეკლესიის ჭიშკარი. მთლად დავიქანცე. კარგიცაა დასახლებიდან მოშორებით რომ აშენებდნენ ტაძრებს ადრე. აქ ამოსვლამდე რამდენ რამეზე შეიძლება, დაფიქრდე ადამიანი. რამდენი წარსული ბიწიერება გაიხსენო და როცა აქ ამოხვალ, უკვე მთლიანად განწმენდილი გექნება გონება ცოდვებისაგან. ეკლესიის ეზოში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. არც მოველოდი, რომ ვინმე დამხვდებოდა, მხოლოდ მოძღვრის აქ ყოფნა შევიცანი გუმანით. ეკლესიას მივუახლოვდი, პირჯვარი გამოვისახე, თავშალით შევიკარი თმა და შიგნით შევედი.

ასი თვალი და ასი ყური მომჩერებოდა კედლებიდან. თვალებში მიყურებდა მაცხოვრის მკაცრი სახე, შიშმა ამიტანა, სანთლის ჩამონაღვენთი დამეწვეთა თითზე. ამეწვა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია ტკივილისთვის, _ ვძრწოდი მხოლოდ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე მიმიძღოდა ბრალი ქრისტეს სხეულის ტანჯვაში. სული ამატკივა კეთილი მწყემსის ხორცის გვემამ, წამიც და გამოვიქცეოდი საყდრიდან.

-რამ შეგაშინა, შვილო ჩემო? _ მოგუდული ხმა მოისმა საკურთხევლიდან.
-მ-მე.. არაფერია, მამაო, შემცივდა ცოტა. _ ვუპასუხე ადამიანის ხმით გულმოცემულმა, თუმცა მაინც ვკანკალებდი.
-რამ შეგაწუხა, შვილო ჩემო? _ მეტად სტანდარტულად შემეკითხა მოძღვარი.
-მე ცოდვილი ვარ, მამაო.. _ თავი ძირს დავხარე, თითქოს თვალი ავარიდე უფალს, მაგ- რამ ელდა მეცა! -ქვის იატაკიდან ამომცქეროდა მაცხოვრის სახე!
-დღეს ყველანი ცოდვილები ვართ, ასეც ნუ ჯავრობ. მაინც რა ჩაიდინე, შვილო?
-ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი ახალგაზრდას ჩაუდენია. _ თავი ავწიე, აღარ შემეძ- ლო ხატის ყურება. _ შემიყვარდა, მამაო.
-სიყვარული ღვთისგან ბოძებული ნიჭია, შვილო, ცოდვის კედელი მხოლოდ სიყვარუ- ლით შეიძლება, დაინგრეს.
-მოძღვარო.. ჩემი სიყვარული უფრო აკრძალულია, ვიდრე კეთილისა და ბოროტის შეც- ნობის ხის ნაყოფის ჭამა იყო სამოთხეში. რადგან უფლის თვალს არაფერი დაემალება ამქვეყნად,
თქვენც, როგორც ხიდს ჩემსა და უფალს შორის, გეუბნებით: არაფერია თქვენს მიერ მოწოდებულ
პურსა და ზედაშეზე ტკბილი ამქვეყნად. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მაგრამ ჩემი სული თქვენს სულთანაა შერწყმული. თქვენ მაზიარეთ მაცხოვრის სიყვარულს, ბევრჯერ მი- ტირია თქვენს გამო საკურთხეველზე და თქვენით იყო განპირობებული ჩემი ქრისტესადმი სიყ- ვარული.
-ბუნებრივია, შვილო ჩემო, ხშირად მოძღვარზე ახლობელი არავინა ჰყავს ადამიანს. _ კვლავ მოისმა ხმა სიბნელიდან. _ ახლა კი, მიიღე სისხლი და ხორცი ქრისტეისა, ნიშნად შენი
ზიარებისა.

მე ათრთოლებული ბაგით გამოვართვი სეფისკვერის ნატეხი სიბნელიდან გამოწვდილ ხელს. ცახცახითვე მოვსვი წითელი ღვინო. და როცა მოძღვარმა ხელი ასწია, თავისი კალთის გადასაფარებლად, წამიერად თვალთ დამიბნელდა, ძრწოლამ ამიტანა, თითქოს ჩემს ტვინში ანგელოზებმა და დემონებმა იწყეს ბრძოლაო, რეტდასხმული მივჩერებოდი სანთლის შუქზე გამომცქერალ მამაკაცის გაპარსულ სახეს!

საკურთხევლიდან გამოსულმა ხორხოცმა მომაბრუნა ამქვეყნად, თვით მეფისტოფელი შემოსულა საყდარში, დემონურმა ძალებმა გარემოიცვეს ეკლესიის ეზოც.. მოვრბოდი. მოვრბოდი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვიხედებოდი უკან, ეშმაკების ლაშქარი ხომ არ მომდევს, აპოკალიფსურ ცხენებზე ამხედრებული-მეთქი, მაგრამ ლუციფერის სარკასტული სიცილის გარდა არაფერი მოისმოდა ტაძრიდან. ელვის სისწრაფით დავეშვი ფერდობზე, რთულია გოლგოთასკენ მიმავალი გზა, მაგრამ უფრო რთული ყოფილა იქედან დაბრუნება!. ქრისტეს ჯვარზე ორჯერ დიდ ჯვარს მოვათრევდი მხრებით. მე თვით სატანისგან მივიღე ზიარება!
***
..როგორღა ჩავხედო ღმერთს თვალებში?! -წლები თანდათან მოკლდება, საღვთო გეგმებს, რომლებსაც დიდი ენთუზიაზმით ვადგენდი, მკრთალად, თუმცა მაინც ესმევა წითელი ხაზი. მოდის დრო, როცა ადამიანი დგები არჩევანის წინაშე. თუ კი არჩევანს ღვთის გზაზე შეაჩერებ, ორჯერ დიდი გზა უნდა გაიარო გოლგოთამდე, ვიდრე ეს ქრისტემ ქნა, ხოლო თუ კი ჰუმანოიდურ, მოკვდავურ გზას აირჩევ, მიხვდები, რომ დრო გადის. ცხოვრება კი შუა გზაზე მთავრდება. გზაზე, რომელიც „გოდების გზაზე“ არც მოკლეა და არც მასზე ადვილად სავლელი. სხვა რაღა უნდა გითხრათ. _ არჩევანი თქვენზეა.


ნათია გოლეთიანი