გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული

Day 2,925, 03:39 Published in Georgia Georgia by Nodar.gelovani


ერთიანი ქართული პარტიის სახელით გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

სტატიის დაგვიანებისთვის წინასწარ ბოდიშს გიხდით 🙂

როგორც ყველამ ვიცით საქართველოზე ამბობენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და გარდა ჩვენი ქართველობისა, ამითიც ვამაყობთ მსოფლიოში. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ საქართველოს, ქართველის, ჩვენი მიწათმოქმედისა და მეომრის მფარველად წმ. გიორგი იგულისხმება.

წმ.გიორგი



ვინ იყო წმინდა გიორგი:

გადმოცემის თანახმად ის იყო კაბადოკიელი. დაიბადა III მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. მისი მამა რომში, ნერონის კარზე გენერალი იყო, საკმაოდ კარგი, თუმცა ქრისტიანობის გამო, სამწუხაროდ, მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე(რაც ეტყობა მემკვიდრეობით გადაეცა შვილს).

გიორგის თავისი სამხედრო კარიერის დაწყება მოუწია იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. თავდაპირველად ის არ დევნიდა ქრისტიანებს, მისცა კიდევაც უფლება აეშენებინა ეკლესიები (მაგალითად უზარმაზარი ბაზილიკა სადაც 20 000-მდე ადამიანი ეტეოდა). თუმცა ბოროტის მზრახველების გამო და ასეთი იყო მაგნენტიოსი (ვითომ იმპერატორის ერთგული მეგობარი) ჩვენმა დიოკლეტიანემ გადაწყვიტა გაეჟუჟა ქრისტიანები. ამას მოწამეობრივად წმინდა გიორგიც შეეწირა.

წმ. გიორგი - ჩადუნელთა საგვარეულო ხატი


მაგრამ მაინც რა კავშირშია გიორგი საქართველოსთან...

წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.



ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმ. გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისაწ გწამთ - მადლი გფარავდეთ, ვისაც არა - მადლზე ნუ იტყვით უარს, ჯერ არავისთვის გაუფუჭებია საქმე 😃



შემოგვიერთიდ ერთიან ქართულ პარტიაში

We Create Time...