რწმენა

Day 2,587, 01:25 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze

მოშიებული მოხუცი ყმაწვილურად შევარდა სახლში, ქურთუკი გაიძრო და კედელზე დაკიდა. უმალ გამონახა დილიდან მორჩენილი, გადანახული ულუფა და იქვე, იატაკზე დაიწყო ჭამა, რადგან არ გააჩნდა რამე გარდა სკამისა და ხატვისთვის განკუთვნილი ტილოს, პალიტრისა და ფუნჯების ყუთისა. ყუთისა, რომელიც წარმოადგენდა მის მშფოთვარე მეგობარს, მის გულისთქმათა განმსახველს, ერთადერთ ნათელ წერტილს მის სახლში...

მოხუცს ხელი აუკანკალდა და პირთან მიტანილი ლუკმა დაუვარდა იატაკზე.

თრთოლვა... ცახცახი... სულისშემძვრელი უუნარობა სიცივის წინაშე...

მხოლოდ მაშინ იგრძნო მან სიცივის ულმობელი შემოტევა, როცა გარემოიცვა უმოქმედობით გამოწვეულმა შიშმა. სიცივემ კი ირეალურ სამყაროში გადაგზავნა შემოქმედი სული.

თვალწინ წარმოუდგა მოგიზგიზე კოცონი. წყვდიადთან მებრძოლი ცეცხლის ენები..

მოულოდნელად ზეწამოიჭრა მოხუცი, ბავშვური, რწმენით განათებული თვალებით მივარდა ფუნჯებს.

ხატავდა. სითბოს ხატვდა. ეტრფოდა, ეთაყვანებოდა. გულანთებული შესციცინებდა თავის განცდათა შვილს. ცდილობდა, რეალურად წარმოეჩინა არაამქვეყნიური, სხვა სამყაროდან გამომცინარე ცეცხლი ალისა. შემოქმედებით ექსტაზში შესულს გადაავიწყდა ამსოფლიური პროცესები... თუმცა, მაინც სციოდა.

„სულიერს არ ძალუძს ნივთთა გარეშე განსახოს მოძრაობა თვისის გულისა“, (ვ. ბარნოვი) თუმცა ის თვალნათლივ ჰხედავდა ცეცხლს, ბუხარში მოგიზგიზე კოცონს. მოხუცმა ვერ აქცია რეალურად მოგიზგიზე ალი, მაგრამთვითონ გადაეშვა ირეალურ სამყაროში. თვითონ იწამა თავისი ნამოღვაწარი და... გათბა. ნახატიდან გამომცქერალმა სხივებმა დალეწეს სულთამლეწი სიცივის ქარები. მხატვარმა კი მიაღწია „ნირვანას“, რადგან გასხივოსნდა. იპოვა საკუთარ თავში ჭეშმარიტება. თავის თავში იპოვა ღმერთი, ცეცხლის სახით, და თაყვანისცა მას.

ნახატის რეალურობა იწამა, მიენდო და მიეთბო.

„უმთავრესია, გწამდეს რაიმე, სულ ერთია, თუ რა გწამს.“ (გოეთე)


ნემსი წვერიძე