[MOC] _ ქსნის ციხე

Day 2,930, 13:47 Published in Georgia Georgia by H3Ctic

მდინარე ქსნის მტკვართან შეერთების ადგილზე, ქსნის მარცხენა მხარეს, სოფელ ციხისძირის პირდაპირ აღმართულია ქსნის ციხე. ვახუშტი ბაგრატიონი მის მშენებლობას ქართლის მეფის კონსტანტინეს(1478-1505)შვილს, ბაგრატს მიაწერდა. ციხე აგებული უნდა იყოს 1512-1513 წლებში.
ქსნის ციხე დგას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე. ის კონტროლს უწევდა ქსნისა და მტკვრის ხეობებზე გამავალ გზებს. ციხე ორი სამშენებლო ფენა შემიჩნევა. მისი კედლები რელიეფს მიუყვებოდა და გეგმით უსწორო მრავალგვერდია. გალავანი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. ციხეს ჰქონია ორი კოშკი: წრიული_ჩრდილო აღმოსავლეთით, სწორკუთხა_ჩრდილო დასავლეთით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა, კედლები შემორჩენილი იყო 7-8 მეტრის სიმაღლეზე.

ციხის მეორედ აგებისას კედლები დაუმატებიათ აღმოსავლეთითა და სამხრეთით. დამატებით აუგიათ აგრეთვე ოთხი სვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი, რომელთა პირველი სართული ყრუა, ზედა სართულები გამოყენებულია საცხოვრებლად. კედლებში დატანებულია ბუხრები, სარკმელები, სალოდეები და სათოფურეები. ციხეში მოწყობილია წყალსაცავი, მარანი და სხვა ნაგებობები. ვახუშტი ბაგრატიონი ციხეს მტკვრის ციხედ, ბერი ეგნატაშვილი კი მტუერის ციხედ მოიხსენიებდა, თუმცა, მოსახლეობაში ის ქსნის ციხედაა ცნობილი.

ქართლის მეფე კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი დავით X (1505-1525). კახეთის მეფე გიორგიმ(1511-1513), რომელსაც ხალხმა ავ-გიორგი შეარქვა, საკუთარი მამის, ალექსანდრეს I-ის მოკვლის გამო, რამდენჯერმე მოაოხრა ქართლის სამეფო. დავითს ძმები ურჩევდნენ, კახეთზე გაელაშქრა, მაგრამ ვერ დაიყოლიეს. მაშინ დავითის ძმამ ბაგრატმა თვითონ იკისრა ავ-გიორგის თარეშის აღკვეთა. სამაგიეროდ მეფეს საუფლისწულოდ მუხრანი და მიმდებარე ტერიტორიები მოსთხოვა. საუფლისწულოს მიღების შემდეგ ბაგრატმა ,,აღაშენა ციხე მტუერისა, რომელ არს ციხისძირის თავსა'' ბაგრატმა ციხე თავის რეზიდენციად აქცია. ამიერიდან ციხე უკვე დიდ წინააღმდეგობას შეუქმნიდა ავ-გიორგის რომელიც ადვილად ვეღარ მოახერხებდა შიდა ქართლში შეღწევას და მის აოხრებას. თუმცა ავ-გიორგი თავისას არ იშლიდა და დიდი ძალებით შემოერტყა ქსნის ციხეს.

ალყამ სამ თვემდე გაგრძელდა, მაგრამ ციხე მტკიცედ იდგა და დანებებას არ აპირებდა. ავ-გიორგის ციხეში გამაგრებული ბაგრატისათვის ღვინო გაუგზავნია _ მეფის ძე ხარ, უღვინოდ გაგიჭირდებოდა და აჰა, ეს ღვინო სვიო. ბაგრატს ციხის ჭაში ორაგულები ჰყოლია, ღვინის წილ ავ-გიორგის ცოცხალი თევზი მიართვეს, მიხვდა, რომ ციხეში საკმარისი სურსათ-სანოვაგე და წყლის მარაგი ინახებოდა და მეციხოვნეებს იოლად ვერ გატეხდა. ავ-გიორგის ჯარი აყრილა და კახეთში გაბრუნებულა. ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ავ-გიორგიმ თავისი რაზმებით ზემო ქართლის სოფლები გაძარცვა და დაარბია. ლაშქარი ნაძარცვით უკან დაბრუნდა, მეფე კი მცირე ამალით ლაშქარს ჩამორჩა და ნადირობით ერთობოდა.

ბაგრატმა ავ-გიორგის გზები შეუკრა და ძალისის მახლობლად ამალინად დაატყვევა. მეფე ქსნის ციხეში გამოკეტეს. მალე ავ-გიორგი გარდაიცვალა. ბერი ეგნატაშვილი ზუსტად ვერგადმოგვცემს ავ-გიორგის სიკვდილის მიზეზს. მისი თქმით, ზოგი ამბობდა, მეფე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალაო, ზოგი იმას ამტკიცებდა, მეფე დაახვრჩესო. ვახუშტი ბაგრატიონს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ავ-გიორგი მოკლეს. ქსნის ციხის შემდგომი ისტორიის შესახებ ცნობები აღარ მოგვეპოვება, თუმცა ვიცით, რომ ციხეს ბევრი ბრძოლა გადაუტანია და იმ ზომამდე დანგრეულა, რომ XVII საუკუნეში თავდაცვითი ნაგებობის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. ამიტომ ციხის ნანგრევებზე 1746 წელს მუხრან-ბატონს, სახლთუხუცეს კონსტანტინეს ციხე განუახლებია, რის შესახებაც ციხის სამშენებლო წარწერა გვამცნობს. კონსტანტინეს ციხისათვის ,,კონსტანტილაბათი'' უწოდებია. რუსეთის მიერ ქართლის დაპყრობის შემდეგ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ციხე-სიმაგრემ თავისი მნიშვნელობა დაკარგა.


ავტორი: დავით მინდორაშვილი (ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი)
სტატია აღებულია ჟურნალ ,,არსენალიდან''


P.S ხმა მიეცით!