ისტორიის დრო (სერია 5)

Day 2,656, 09:56 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

წინა გადაცემებში ჩვენ განვიხილეთ მეროვინგთა ფრანკთა სამეფო და კაროლინგური დინასტიის ერთერთი ფუძემდებელი კარლოს მარტელი. დღეს კი ჩვენი მთავარი თემაა კაროლინგების ფრანკთა სამეფო.

კარლოს მარტელის ვაჟს, პიპინს, მოკლე უწოდეს მისი დაბალი ტანის გამო, თუმცა არაჩვეულებრივი ძალღონით იყო დაჯილდოვებული. პიპინ მოკლემ ბოლო მეროვინგი მეფე მონასტერში ბერად აღკვეცა და თავი ფრანკთა მეფედ გამოაცხადა. ფრანკთა სამეფოში მეროვინგების დინასტია კაროლინგების დინასტიით შეიცვალა.

768-814 წლებში ფრანკთა სამეფოს განაგებდა პიპინ მოკლეს შვილი კარლოსი დიდად წოდებული. იგი იყო ამტანი, ნიჭიერი სარდალი და ენერგიული სახელმწიფო მართველი. მან დიდად გააფართოვა სახელმწიფო საზღვრები.
კარლოსმა თავისი ჯარით გადალახა ალპები და დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია. მან გადალახა პირენეის ქედიც და შეებრძოლა არაბებს, თუმცა ეს ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ფრანკებს სამშობლოში დაბრუნება მოუხდათ, მათ უკანდახევას იფარავდა მცირე რაზმი, კარლოსის დისწულის როლანდის მეთაურობით. როდესაც როლანდის რაზმი ბასკებით დასახლებულ პირენეის მთებში გადიოდა იგი ალყაში მოაქციეს, შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად ეს რაზმი განადგურდა, ხოლო როლანდი ბრძოლის ველზე დაეცა. მოგვიანებით ამ ბრძოლაზე და როლანდზე შეიქმნა ფრანგული პოემა “სიმღერა როლანდზე”.
განსაკუთრებით მძიმე და შეუპოვარ ხასიათს ატარებდა კარლოს დიდის ბრძოლა გერმანულ ტომებთან- საქსებთან.მხოლოდ საქსების ზოგიერთი დიდებულის გადმობირების შემდეგ შეძლო კარლოსმა რაინისა და ელბას შორის მდებარე ტერიტორიაზე დასახლებული საქსების დამორჩილება.
კარლოს დიდმა დაიპყრო ბავარია, თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარე ავართა სამეფო, ამასთანავე თავის გავლენას დაუქვემდებარა ელბის აღმოსავლეთით მცხოვრები დასავლეთ სლავების ნაწილი.
კარლოს დიდსის სამეფოს ტერიტორიამ მოიცვა იმდროს უკვე არარსებული დასავლეთ რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
კარლოს დიდს აღარ აკმაყოფილებდა მხოლოდ მეფის ტიტული, მან იმპერატორის, უფრო მაღალი და საპატიო ტიტულის მიღება მოისურვა.
800 წელს, ქრისტესშობის დღეს, რომში პაპმა საზეიმო ვითარებაში აკურთხა კარლოს დიდი იმპერატორად. საინტერესოა რომ კარლოს დიდი გამოცხადდა არა ფრანკთა, არამედ რომაელთა იმპერატორად, თუმცა იმ დროს რომაელი ხალხი აღარ არსებობდა. ისინი გათქვეფილნი იყვნენ გერმანელ დამპყრობლებში.


კარლოს დიდი


კარლოს დიდის დროს განაპირა საგრაფოებს მარკები ეწოდებოდა. მათ სათავეში მარკგრაფები იდგნენ, რომლებიც ვალდებულები იყვნენ სამეფო საზღვრები დაეცვათ.
კარლოსი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი მოთხოვნით მონასტრებთან აიგო სკოლები.მან თავის სამეფო კარზე სწავლულები შემოიკრიბა. თვით კარლოსი საკმაოდ განათლებული იყო, იგი ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, თუმცა კითხვა მომწიფულ ასაკში ისწავლა.
ცხოვრების უკანასკნელი წლები კარლოსმა თავის საყვარელ ქალაქში აახენში გაატარა, სადაც რამდენიმე ლამაზი და მოხდენილი საერო და სასულიერო ხასიათის შენობა ააგო. კარლოს დიდი გარდაიცვალა 814 წელს, 72 წლის ასაკში.

მრავალი ბრძოლის შემდეგ 843 წელს კარლოს დიდის სამმა შვილიშვილმა ქალაქ ვერდეში ხელშეკრულება დადო. ამ ხელშეკრულებით კარლოს დიდის უმცროსმა შვილიშვილმა საფრანგეთი, შუათანა შვილიშვილმა გერმანია, ხოლო უფროსმა შვილიშვილმა ლოთერმა იტალია და საფრანგეთსა და გერმანიას შორის მდებარე ფართო ზოლი დაიკავა. ალპებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე გადაჭიმულ ამ ფართო ზოლს თავისი პირველი მფლობელის სახელის მიხედვით ლოთარინგია ეწოდა.
ამ ხელშეკრულებით ოფიციალურად ფრანკთა იმპერიამ (კარლოსის რომის იმპერიამ) არსებობა შეწყვიტა.


ფრანკთა სამეფოს ექსპანსია და დაშლა




დაასაბსქრაიბეთ სტატია, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“