ძალა ერთობაშია

Day 2,691, 01:32 Published in Georgia Georgia by Giorgi Mechurchlishvili

სამხედრო კამპანია
1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.

1110 წელს ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 — რუსთავი, 1116 წელს დავითმა ტაოში დაზამთრებულ თურქებს შეუტია და განდევნა საქართველოს საზღვრებიდან,1117 — გიში, 1118 — ლორე. 1120 წლის 14 თებერვალს დავითმა ილაშქრა შირვანში და აიღო ქალაქი ყაბალა, 1121 წლის აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 - ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქ-სელჩუკთა 300 ათასიანი არმიას. მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები. უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის.“ ისტორიკოსებმა ამ შეტოქებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის „ბრძოლაი საკვირველი“ შეარქვეს.

ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს. თბილისის დამორჩილების შემდეგ 1123 წლის მარტში დავითმა დაიმორჩილა ქალაქი დმანისი.

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 წელს დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 წელს დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.