საქართველოს ოკუპაცია 1921

Day 3,102, 09:27 Published in Georgia Georgia by JetonGreenMan888

გამარჯობათ მეგობრებო პატარა პაუზა მქონდა სტატიებს ვეგარ გთავაზობდით პირადი პრობლემების გამო და დგეიდან განვაახლებ საქართველოს ოკუპაციიდან


საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 1918 წლის 26 მაისს მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა. მისი შექმნიდან სამ წელში კი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი ანექსია მოჰყვა. აღნიშნულ ნაშრომში აღწერილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა და არსებული წინააღმდეგობები, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შეთანხმება და ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ინტერვენცია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა :

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა _ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო და დაამტკიცა ‘’საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი’’, რომელიც 1919 წლის 21 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ. ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტით სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა. დაიწყო ეროვნულ- სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის იდეოლოგიური საფუძველი იყო ევროპული ტიპის დემოკრატიული სოციალიზმი, რაც პრინციპულად უპირისპირდებოდა სოციალიზმის რუსულ მოდელს, ბოლშევიკურ მაქსიმალიზმს. დაიწყო თითქმის ყველა სფეროს რეფორმირება და ახალი სახელმწიფოებრივი სისტემის დანერგვა. აღნიშნული პერიოდისთვის საქართველო მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მაჩვენებელ სუბიექტს წარმოადგენდა და რეგიონში განსაკუთრებულ ადგილის მატარებელი იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის მომენტში საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთული და დაძაბული იყო. მსოფლიო ომის შემდეგ მეომარი სახელმწიფოების მომავალი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ამავდროულად, საქართველოს ჩრდილოეთით მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებს საქართველოსთვის არსებითი მნიშვენელობა ენიჭებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პირობებში რუსეთს არ შეეძლო 1918-1920 წ-ში საქართველოს საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევა. სწორედ ამიტომ, ამიერკავკასიის რუსთა ეროვნულმა საბჭომ აქტიურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ საქმიანობა, რომელსაც დიდ დახმარებას თბილისის რუსი სამღვდელოება უწევდა. რუსეთის ძირითად დასაყრდენ ძალას წამოადგენდნენ ქართველი ბოლშევიკები. ათობით მათმა აგენტმა დაიწყო ძირგამომთხრელი საქმიანობა _ შემოჰქონდათ იარაღი, ფული და აღჭურვილობა, რომელსაც ურიგებდნენ დეზერტირებს, ბანდიტებსა და სხვა დამნაშავეებს დესტაბილიზაციისთვის. საქართველოში რუსეთის საქმიანობას კონტროლს უწევდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, შემდგომში ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო. ანტიქართულ საქმიანობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ ფილიპე მახარაძე, სერგეი კიროვი, სტეფანე შაუმიანი, სერგო ორჯონიკიძე, ა. გეგეჭკორი და სხვ.

ოკუპაციის დასაწყისი:


ქვეყანაში შექმნილი იყო დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, რასაც თან ერთვოდა მძიმე სოციალური ფონი, რომელიც გამოწვეული იყო მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისით. აღნიშნული მდგომარეობა კარგად გამოიყენეს ბოლშევიკებმა და 1918 წლიდან დაწყებული „გლეხთა“ აჯანყებების ინსპირირება მოაწყვეს სხვადასხვა რაიონებში. 1920 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო მზადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დასაპყრობად. 1920 წლის აპრილის ბოლოს საბჭოთა მე-11 წითელი არმია ს. ორჯონიკიძის მეთაურობით ბაქოში შევიდა. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ამ ფაქტის შემდეგ, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, პირადად ს. ორჯონიკიძე და მე-11 არმიის სარდლობა შესაძლებლად მიიჩნევდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობასაც. საჭირო იყო საბაბი საქართველოში შეჭრისათვის. ასეთ საბაბად იქცა 1920 წლის 1-2 მაისის ღამით ქართველი ბოლშევიკების მიერ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა იუნკერთა სასწავლებელზე თბილისში. რუსეთის მე-11 წითელი არმია აზერბაიჯანიდან თბილისისაკენ დაიძრა, რომლის აღებასაც 15 მაისისთვის გეგმავდა. საქართველოში გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ფოილოს ხიდთან ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ და სწრაფად დაიხიეს უკან. საგულისხმოა, რომ ქართველების მიერ აყვანილი ტყვეებიდან ყველა რუსი იყო, რაც აშკარად ადასტურებდა კომუნისტების განცხადების სიცრუეს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის ჯარებმა შეუტიეს საქართველოს და არა რუსებმა. ფოილოსთან მარცხის შემდეგ, რუსებს არ აწყობდათ ფართომასშტაბიან ომში ჩაბმა და გადაწყვიტეს ზავის დადება, საქართველოს მთავრობასაც რუსეთთან სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება საიმედოდ ეჩვენებოდა. მოსკოვში მისიით გაიგზავნა გრ. ურატაძე, რომელმაც 1920 წლის 7 მაისს ხელი მოეწერა ლ. კარახანთან ერთად რუსეთ- საქართველოს ხელშეკრულებას. პირველივე მუხლით, საბჭოთა რუსეთმა ყოველგვარი პირობის გარეშე ცნო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ხელშეკრულების მეორე მუხლით, რუსეთმა აიღო ვალდებულება _ არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებას ახლდა ‘’განსაკუთრებული საიდუმლო დამატება’’, რომლის ძალითაც საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციებს ეძლეოდათ ლეგალური მუშაობის უფლება. მიუხედავად ამისა, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება იყო დიდი მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რაც საქართველოს სტატუსს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე განამტკიცებდა. ხელშეკრულებამ გაზარდა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი საერთაშორისო ნდობა. კიდევ უფრო გაუადვილა უცხო ქვეყნებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხელშეკრულებით შეიქმნა ხელსაყრელი წინაპირობები საქართველოს დასაპყრობად, რაც ბაქოს გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა რუსეთის მორიგ ამოცანას წარმოადგენდა. დადებული ხელშეკრულება, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროის მოგებისთვის და საომარი მოქმედებების მოსამზადებლად იყო გამიზნული. 1920 წლის 20 მაისს საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები გაფორმდა საქართველოს კომუნისტურ პარტიად, შეიქმნა დროებითი ცენტრალური კომიტეტი ფ. მახარაძის მეთაურობით. მიმდინარეობდა ძალების სერიოზული მობილიზება საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობისათვის. მდგომარეობას ართულებდა სომხეთის დაპყრობა წითელი არმიის მიერ. მიუხედავად მძიმე საშინაო მდგომარეობისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყველანაირად ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განმტკიცებას. მიმდინარეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივად და იურიდიულად აღიარების პროცესი. მიღებულ იქნა კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს, წითელი არმიის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი ძირითადი დებულებანი შემუშავებული იყო ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციების, განსაკუთრებით შვეიცარიის დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციას პრაქტიკულად არ უმოქმედია, მაინც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო იგი ქართველი ერის ისტორიული განვითარების გზაზე. 1918 წლის 26 მაისის საქრთველოს დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია იყო ის იურიდიული საფუძველი, რომელსაც ემყარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობითვის ბრძოლა მომდევნო

ოკუპაცია :
საქართველოს გასაბჭოების სცენარი ითვალისწინებდა საქართველოს სოციალისტურ გადატრიალებას შინაგანი ძალებით. საბჭოთა რუსეთის ქმედება კლასობრივ თანამოძმეთა ‘’ძმური დახმარებით’’ უნდა გამართლებულიყო. მშრომელთა აჯანყების ინსცენირება უნდა მომხდარიყო ლორეს რაიონში (ბორჩალოს მაზრა), სადაც ნეიტრალური ზონის (ქართულ-სომხური) ადმინისტრაცია იყო განლაგებული. ამისთვის შესაფერის პერიოდს კი 1921 წლის თებერვალი წარმოადგენდა. პარალელურად, საბჭოთა რუსეთს ხელს უწყობდა საგარეო პოლიტიკური წარმატებები; თურქეთთან დაახლოებით, წითელი არმიის მიერ დასავლეთით პოლონეთის შეტევის მოგერიებით, სამხრეთში ვრანგელის არმიის დამარცხებითა და საქართველოს საკითხისადმი ევროპის სახელმწიფოების გულგრილი დამოკიდებულებით წაქეზებულმა რუსეთმა, რომელთან ურთიერთობასაც ომით ეკონომიკურად დაუძლურებული ევროპული სახელმწიფოები აუცილებლად მიიჩნევდნენ, განახორციელა წინასწარ გამიზნული ოკუპაციის გეგმა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მე-11 წითელი არმიის სარდლობა _ პირადად ორჯონიკიძე და კიროვი ხელმძღვანელობდნენ. 1921 წლის 11-12 თებერვალს ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი კოლონისტების სოფლებში დაიწყო ‘’აჯანყება’’, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ ‘’საქართველოს მშრომელთა აჯანყებად’’ გამოაცხადა. 1921 წელს 12 თებერვალს რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. საქართველოს საზღვრებში შემოჭრა ასევე განხორციელდა დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილითა და შავი ზღვის სანაპიროდან. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ მე-8, მე-9 და მე-13 არმიები. 16 თებერვალს შედგა დროებითი მთავრობა ე.წ. ‘’რევოლუციური კომიტეტი’’, რომელიც კრემლმა შემდეგი შემადგენლობით დააკომპლექტა: ფ. მახარაძე (რევკომის თავმჯდომარე), მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ა. გეგეჭკორი, ბ. კვირკველია, ან. ნაზარეტიანი და სხვ. რუსეთი ცდილობდა შეენიღბა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა, აჯანყებული საქართველოს მშრომელების სახელით მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა რევკომმა მოსკოვში მხოლოდ 1921 წლის 16 თებერვალს გაგზავნა, როცა 12 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შემოჭრილი და ომიც მიმდინარეობდა, ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის დაკავების შესახებ. საოკუპაციო ძალებს საქართველომ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000-იანი არმია დაუპირისპირა. 16 თებერვალს ¬_ წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ. 17 თებერვალს¬ _ სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს ¬_ იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს ¬_ მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ. 20 თებერვალს ¬_ კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს. 19-20 თებერვალს _ სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა. 23 თებერვალს _ სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით. 17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. 24 თებერვალს _ საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის