ქვის ხანა საქართველოში

Day 2,686, 04:17 Published in Georgia USA by MR.Kala

არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის დასახლება უკვე უძველეს პერიოდებიდან. ბევრგან სოფელ იაშთხვასთან, სოფელ რუხთან, კაცხში აღმოჩენილია ადამიანის სადგომები ძველი ქვის ხანის - პალეოლითის (ძვ.წ. 800 ათასი წელი) პრიმიტიული იარაღებით. მაგრამ უკანასკნელი დროის აღმოჩენებმა (დმანისის გათხრები) გვჩვენეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრება 1 მილიონ 700 ათასი წლის წინათ დაწყებულა. თანდათანობით, იარაღის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო შეგროვებითი მეურნეობის, ნადირობის და თევზჭერის განვითარებას. ამასთანავე, დაწყებულმა გამყინვარებამ აიძულა, თავი შეეფარებინა მღვიმეებისათვის, ტყეში მოწყობილ ფარდულებისათვის და სხვ.
უამრავი ქვის ხანის იარაღია აღმოჩენილი დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეს და სხვა გამოქვაბულებში. მღვიმეებში აღრიცხულია უძველესი გამოსახულებანი კლდეზე, ხოლო მდინარე ჯრუჭულას ხეობაში მდებარე ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლები დაფარულია გარკვეულ რიტმს დაქვემდებარებული ნაჭდევებით. დაბა წალკის მახლობლად, მდინარე პატარა ხრამის ხეობაში მდებარე მღვიმეში აღმოჩენილია პეტროგლიფები - ცხოველთა და მონადირეთა გამოსახულებანი - სულ ასამდე ნახატი. როგორც ჩანს, ამ პერიოდში იწყება ადამიანის მაგიურ აზროვნებასთან დაკავშირებული ხელოვნების ჩასახვაც. ამგვარად ადამიანი უკვე ხატავს და ძერწავს. მართალია, ამას იგი მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ აკმაყოფილებს სილამაზის მოთხოვნილებასაც. დადგენილია ქვის ხანის მომდევნო სტადიების (ზედა პალეოლითი, მეზოლითი) კულტურის ადგილობრივი საფუძვლები და განვითარების უწყვეტი პროცესი. ამასთანავე კავკასიის პალეოლითის ძეგლები გარკვეულ სიახლოვეს იჩენენ მახლობელი აღმოსავლეთის - სირია, პალესტინა, ერაყი გვიანპალეოლითურ ძეგლებთან.
ცხადია, რომ არქიტექტურის აღმოცენებას ვერ დავუკავშირებთ პირველყოფილი ადამიანის მიერ მღვიმეების და სხვა ბუნებრივ თავშესაფართა გამოყენებას, არამედ მხოლოდ მის შეგნებულ მოღვაწეობას და პირველ ნაგებობებს, შექმნილს შრომის იარაღების შემწეობით. მხოლოდ ხელოვნურ ნაგებობებში ხდება ადამიანის მიერ მასალების თვისებების გაგება და შენობის ცალკეული ნაწილების კონსტრუქციული არსი.
ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. X-VI ათასწლეულები) მოხდა ქვის იარაღების ტექნიკის შემდგომი განვითარება. ადამიანმა ისწავლა ქვის გაპრიალება, ხეხვა და გახვრეტა. მან დაიწყო საკვები მცენარეების გაშენება, ცხოველთა მოშინაურება, ე.ი. საფუძველი ჩაეყარა მარტივ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. ადამიანმა დაიწყო მეთუნეობა, რთვა, ქსოვა. იწყება ბინადარი ცხოვრება. საქართველოში ასეთი ნეოლითური სადგომები აღრიცხულია ანასეულში, კისტრიკში, ხუცუბანში, ზემო ალვანში, ოდიშში და სხგაგან. ამ საზოგადოების სოციალური სტრუქტურა ხასიათდება პატრიარქატზე გადასვლით და ცალკეულ ოჯახთა ეკონომიკური განვითარებით. ნეოლითური ნამოსახლარები ხასიათდება თიხით შელესილი, წნული ნაგებობებით, რომელთა შიგნით ცხოვრობდა საერთო კერის მქონე გვაროვნული ჯგუფი. ასევე დამოწმებულია, ოთხკუთხა და მრგვალი გეგმის ნაგებობათა გადახურვათა საყრდენი ბოძების კვალი (ხორში, ანასეული, დარკვეთი). როგორც ჩანს, ამ პერიოდში ყალიბდება ძირითადი
არქიტექტურული სქემები, ნაგებობათა ნაწილების ფუნქციათა მკვეთრი გრადაციით. მიუხედავად საცხოვრებლის პრიმიტიული ფორმისა ნეოლითის ეპოქაში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენა - საცხოვრებლის მოწყვეტა გამოქვაბულიდან და დამოუკიდებელი ნაგებობის შექმნა გადახურვით, რომელიც განსაზღვრავდა საცხოვრებლის ფორმასა და ზომებს. ვლინდება ურთიერთკავშირი წინა აზიის სამიწათმოქმედო კულტურებთან ე.ი. საქართველოს ტერიტორია აქტიურად მონაწილეობდა უძველესი სამყაროს განვითარების პროცესში.