ესაქართველოს მთავრობის ანგარიში #004

Day 2,527, 07:17 Published in Georgia Turkey by Barnabius


ესაქართველოს მოსახლეობას არ აქვს ფუფუნება მოქმედების გარეშე, დამჯერად მიყვეს მდინარის კალაპოტს, რომელსაც eRepublik-ის უფრო მძლავრი სახელმწიფოები გვთავაზობენ. ქვეყანას მუდმივად ახალი სისხლი და კრეატიული, ინოვაციური აზროვნება სჭირდება, რათა შედარებით ნაკლები რესურსით შეძლოს უფრო მეტის მიღწევა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით არის შესაძლებელი. სწორედ ამ ხედვით გამოირჩევა ჩვენი ახალი პრეზიდენტი და სამთავრობო გუნდი.

5 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში Vettel-მა გაიმარჯვა და ქვეყნის აღმშენებლობის გზას ენერგიულად შეუდგა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არცერთი მთავრობა არ არის მხოლოდ ცუდი და ახალბედებმა კი არ უნდა დაანგრიონ ძველი და დაიწყონ ახლის შენება, არამედ გამოარჩიონ პოზიტიური მიმართულებები და განაგრძონ მათი განვითარება, ხოლო უარყოფითი შედეგის მომტანი კი გამოასწორონ და მომავალ მთავრობას უკეთესი მემკვიდრეობა დაუტოვონ. სწორედ ეს არის ახალი პრეზიდენტის მიდგომა, რომელმაც მთავრობის ძირითადი ბირთვი დატოვა, ხოლო მიმართულებები, რომლებიც მეტი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს განაახლა.

წარმოგიდგენთ სამთავრობო გუნდს:
პრემიერ მინისტრი - George Java, განათლების ყოფილი მინისტრი, რომელიც განაგრძობს წარმატებულ მუშაობას ქვეყნის სასარგებლოდ და მხოლოდ შექების (...და ზოგჯერ კონსტრუქციული კრიტიკის, რათა მთავრობა არ მოდუნდეს) ღირსია.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე CharlieArg დარჩა. რაოდენი სარგებელი აქვს მოტანილი მას ესაქართველოსთვის მთავრობის წინა ანგარიშებიდან შეგიძლიათ გაიგოთ, ხოლო მოცემულიდან კი დარწმუნდეთ, რომ ის არანაკლები შემართებით განაგრძობს მუშაობას.
საგარეო საქმეთა მინისტრი - xSteviex. მის შესამკობად პრეზიდენტის სიტყვები გავიხსენოთ - „ეს ადამიანი არამხოლოდ მინისტრის, არამედ ჩვენი, ასე ვთქვათ, მთავრობის წევრების მასწავლებლის როლსაც ასრულებს.“
განათლების სამინისტრო კი paskunji-ის ხელში გადავიდა. მას საპასუხისმგებლო პოსტი ჩაბარდა, რადგან ამ მიმართულებით არნახულად ბევრი სამუშაო გახლავთ.

გთავაზობთ ახალი მთავრობის ანგარიშს, რომელიც აუცილებლად მიმოიხილავს თუ რა მიმართულებით შეიცვლება უკვე არსებული პროექტები და რა დაემატება მათ, რათა ქვეყნის განვითარების ტემპები გაიზარდოს და უახლოეს მომავალში ესაქართველო ჩამოყალიბდეს ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ.


თავდაცვის სამინისტროს ანგარიში:

თავდაცვის სამინისტრო ეცადა თითოეული მეომრისთვის აეხსნა გლობალური მოვლენები და ჩინეთის წინააღმდეგ მასიურ შეტევაზე დაიწერა სტატია, რათა გეოპოლიტიკურ ძვრებზე ესაქართველოს მოქალაქეები საქმის კურსში იყვნენ (იხილეთ დეტალურად - [MOD] გლობალური მიმოხილვა ). დაიწერა სტატია ომის მექანიზმებზე თუ როგორ იწარმოება ომი და რა წესებით, რათა ახალბედებმა ნათლად გაიგონ, თუ როგორ იბრძოლონ სწორად და ასევე ძველბედებმაც აქტიურ მეხსიერებაში გადმოიტანონ ის, რაც მეტ-ნაკლებად დავიწყებული ჰქონდათ იშვიათი ომიანობის გამო ( [MOD] ომის მექანიზმები - სტატია სრულად). თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ემზადება აირსთრაიკისთვის. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კოორდინაციას ეწევა რუთის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებთან და აგრეთვე რუთის გენერალური შტაბის ლიდერებთან, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ესაქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგზე - ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით მხოლოდ რიგით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთლიანად eRepublik-ის სამყაროში.

ორი აზრი არ არის, სამინისტრო განაგრძობს თითოეულ პოტენციურად წარმატებულ პროექტს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო მისი ინიციატორი თუ პირველი იმპლემენტატორი. სამწუხაროდ, ერთმა ასეთმა პროექტმა -უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტის (UND) შექმნამ დროებით გარკვეული მიზეზების გამო გადაიწია, მაგრამ მთავრობა იმედოვნებს, რომ მოქალაქეების აქტიური დახმარებით უახლოეს მომავალში ქვეყნის სამსახურში არამხოლოდ სამინისტროები, არამედ სრულიად ესაქართველოს მოსახლეობა იქნება და ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას.


განათლების სამინისტროს ანგარიში:

ყოფილი მინისტრისა და ახლა უკვე პრემიერ მინისტრის მიერ დაწყებული პროექტი -“კრედიტების პროგრამა“ დაიწყო და განათლების სამინისტროსა და პრემიერ მინისტრის კურირებით წარმატებით მიმდინარეობს. გამოქვეყნდა კრედიტების პროგრამით დაფინანსებულთა სია , რომელიც თვიდან თვემდე გაიზრდება და სისტემატიურად უზრუნველყოფს ესაქართველოს ძლიერი მებრძოლებით.

განათლების სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დასაქმების პროგრამაზე მუშაობას(„დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში“). მოქალაქეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ სამინისტრო განუმარტავს პროექტის დადებით მხარეებს და შედეგიც სახეზეა - დღითიდღე იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ საკვებს, იარაღსა და ხელფასს, ხოლო ქვეყნის სამსახურში დგომით კი ისინი ეხმარებიან ესაქართველოს ეკონომიკას.

სამინისტრო, აგრეთვე, მუშაობს ახალი მოთამაშეების მოზიდვასა და ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე, რათა ჩააყენოს ისინი ესაქართველოს სამსახურში. თამაშის შიგნით თუ გარეთ, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რათა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.



ესაქართველო განაგრძობს საერთაშორისო არენაზე მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოზიდვას. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ეუკრაინასთან კულტურის დარგში. სიახლეებსა და დეტალებზე უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დაწვრილებით ანგარიშს.
ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და სამთავრობო გუნდის განახლებული ძალებით, სრული მონდომებით ჩაება საქმეში. ვუსურვოთ მათ წარმატება, ხოლო ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოს ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას, უახლოეს მომავალში გიამბობთ.


პატივისცემით
ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრის დირექტორი
Barnabius