ძველი ქართული ქვედანაყოფები. ნაწილი 1-ლი. "მონასპა"

Day 2,877, 01:47 Published in Georgia Iran by Meyer Llansky


მონასპა — სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა დავით აღმაშენებელმა. მონასპაში 5000 მხედარი „მონა“ ანუ მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული პროფესიონალი მეომარი შედიოდა. მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, რომელიც ხშირად საგარეო მტრების წინააღმდეგ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციებსავ ატარებდა. მონასპაში შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოლაშქრეები, ძირითადად, როგორც ჩანს, ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელები და თურქთა შემოსევების გამო უმამულოდ დარჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალები. არაქრისტიან „მონათა“ დიდი უმრავლესობა თანდათან გაქრისტიანდა. მოლაშქრეები მუდამ მეფესთან ან სასახლესთან იმყოფებოდნენ და მეფის წყალობით ცხოვრობდნენ. დავით აღმაშენებელი დიდად აფასებდა „მონებს“, რომლებიც მისი ხელისუფლების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდნენ ფეოდალურ ოპოზოციასთან ბრძოლაში.

მონასპა არსებობდა დავით აღმაშენებლის მემკვიდრეთა დროსაც. მონასპის მოლაშქრეები, ცხადია, მონები არ იყვნენ (ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით), ისინი იყვნენ ან თავისუფალი მოთემეები ან მეფის ყმა მცირე აზნაურები. XII საუკუნის განმავლობაში „მონათა“ უმრავლესობა ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 წლის შემდეგ მონასპა აღარ იხსენიება. მონასპის მოლაშქრეთაგან იყვნენ გამოსული გიორგი III-ისა და თამარის დროს მაღალსახელმწიფოებრივ თანამდებობაზე დაწინაურებული „უგვარო“ მოხელეები: მხარგრძელები, აფრიდონი, და სხვანი.



მონასპა გამოცდილი და სანდო მეომრებისაგან შედგებოდა, იყო უაღრესად მობილური და საქართველოს სამხედრო წარმატებებში დიდი როლი ითამაშა.



უცხოელ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი წერს , რომ პირველი დაცვის სამსახური , რომელსაც ერქვა ჟანდარმერია ( სემდეგ პოლიციის სტრუქტურად ჩამოყალიბება), შეიქმნა პირველად საფრანგეთში,მეფე კარლ VII-ის დროს 1445 წელს. ჟანდარმებს უწოდებდნენ აზნაურებს, რომლებიც მსახურობდნენ საფრანგეთის მეფეების დაცვაში. ამ ტერმინის სინონიმია ლაიბგვარდია ( ნიშნავს “მონარქთან მყოფს” – მეფის დაცვა). შდრ. ინგლისური ტერმინი Body guard ( Body – “სხეული ტანი”, guard – “დაცვა”) – პირადი დაცვა, პირადი მცველი, ესკორტი. ამ ტერმინთა ძველი ქართული შესატყვისია გუამის //სხეულის მცველი – პირადი მცველი.
შედარებისთვის შეიძლება აღინიშნოს, რომ დავით IV აღმაშენებელმა სამეფო გვარდია – მონასპა დაარსა XII საუკუნეში 20-იანი წლების დასაწყისში (ე. ი. სამი საუკუნით ადრე კარლო VII-ის მიერ “ჟანდარმთა ასეულების” შექმნამდე. რუსეთში კი ივანე IV-მ ანალოგიური სამსახური (“ოპრიჩნიკები”) შექმნა 1565 წელს. მონასპაში 5000 მხედარი “მონა”, ანუ მეფის ყმა, მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული, პროფესონალი და სანდო მეომარი შედიოდა. ისევე როგორც საფრანგეთსა და რუსეთში, მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო. ანალოგიური სამსახური 1755 წელს შექმნა ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ, რასაც ეწოდა “მონაცვალე” (მორიგე) ჯარი 2000 კაცის შემადგენლობით. პირადი დაცვის გარდა არსებობდა აგრეთვე, ობიექტების დაცვის სამსახურიც.
ბიბლიიდან ცნობილია ტერმინები: “მცველი”, “ხუმილი”, “ებგური” და ა. შ. ჩვეულებრივ, მცველები იყვნენ მეომრები, იშვიათად – მოქალაქეები. მცველები მორიგეობდნენ კოშკებზე, განსაკუთრებულ შემთხვევაში – იერუსალიმის ტაძართან. ღამით, ქუჩებში საფრთხის გაზრდის გათვალისწინებით, შესაბამისად იზრდებოდა მცველთა რაოდენობაც. დაცვა იყოფოდა რამდენიმე ცვლად, მცველებს მორიგებისას ეკრძალებოდათ ძილი, დისციპლინის დარღვევისთვის ისინი ისჯებოდნენ სიკვდილით.