08.08.08 MINE

Day 2,819, 06:21 Published in Georgia Georgia by Vanja Carica

08.08.08

წარმოვიდგენდი თუ არა, რომ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდებოდა?... არ მახსოვს... მოკლედ, წლები რვა აგვისტომდე ჩავლილი სადღაც გაქრა...

ვაპირებ დავიწყო.. ძნელი ყოფილა.. შევეცდები.. თუ რამე გამოვიდა, შესავალსაც ნახავ, თუარადა სიტყვასაც ვერ იხილავ... მხოლოდ ფაქტები და ოდნავ ემოცია (ან პირიქით):

* * *
ორი ათას რვა წელი.. რვა აგვისტოს წყვდიადი ნათელს ვეღარ უმკლავდება.. ღრმად და მშვიდად აღარ მძინავს, მალე სამსახურისთვის უნდა ავდგე... მხოლოდ მე მგონია ასე.. სინამდვილეში ცხოვრება უნდა შეიცვალოს.. რამდენიმე წუთში.. ზარი: დიახ... ახლავე ადექით, ჩაიცვით და მოდით X გამგეობასთან. ქვეყანაში საგანგებო მდომარეობაა, სასწრაფოდ....
ერთი საათის შემდეგ.. X-დან ვაზიანისკენ.. სავსე ავტობუსი.. ათასი ჭორი და მართალი.. ''ცხინვალი ჩვენია უკვე.. აწი უნდა დავიცვათ და გავაკონტროლოთ''.... რა ურწმუნო ვარ.. არ დავიჯერე.. მხოლოდ ორი ნაცნობი სახე...
უკვე ბაზაზე ვეძებთ ჩვენს ფორმებს.. იარაღიც ავისხით.. ტყვიებს გზაში დაგვპირდნენ... არც ვიცით, რომ რუსული იარაღით რუსებს უნდა ვებრძოლოთ.. მიწიდან ზეცაში... სასაცილოა.. სასაცილოა?.. ეჰ..
რამდენჯერ გამივლია ეს გზა.. გორამდე.. ასე მძიმედ - ჯერ არა.. თავში ქაოსია და.. ზარი არჩერდება: სად ხარ?.. შენც მიდიხარ?.. ხო კარგად ხარ?.. არა ხალხო, ნუნერვიულობთ, ვაზიანიდან არსად მივყავართ - ყველასთვის ეს არის პასუხი.. გარდა ერთისა..... არ მინდა დარეკოს.. ვერ მოვატყუებ.... მაინც დარეკა: როგორ ხარ?.. რავი ვნერვიულობ.. შენც ხომ არ მიგიწვიეს?.. რააა? სად დაგპატიჟეს? აუუუუ! შენც მიდიხარ?... შენთან ვიყო... ახლა.. ნეტავ.. როგორ დავმშვიდდე?! მიყვარხარ.. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს........... ხმა გაწყდა..ყველა სიტყვა მახსოვს.. მეც როგორ მიყვარს ჩემი დაი.... აღარ დაურეკავს.. არც მე...
უკვე გორთან ვართ... Y ბაზა... უამრავი ფორმიანი.. რეზერვისტები....გაურკვევლობა.. წუთები.. საათები.. მზემ დააჭირა.. ჩათვლემ.. გამოფხიზლდები.. ისევ.. დაღლილობა და ემოცია დილიდან ჩვეულებრივზე მეტია უკვე... ისევ ძილ-ბურანი... საშინელი აჟიოტაჟი.. ყველა ფეხზეა და ცას გასცქერის... ორნი ცაში.... ცხადად ჩანს, როგორ დაუშვეს ცხინვალში ზეციდან... სიხარულის ყიჟინა ჩვენი ძლევამოსილი არმიის სადიდებლად... უგუნურები.... უკვე სამნი არიან... ხუთნი... შემობრუნდნენ და... ახლა ჩვენს თავზე ცვივა ზეციური ძღვენი..... თურმე ძლევამოსილი არმია კი არის... მაგრამ არა ჩვენი..
ისმის: გაიქეცი! დაწექი!... არ გავნძრეულვარ... სად დაემალები... უკიდეგანო ცას და.... ზამთრის ღამეს.... საშინელებამ გამიელვა: ჯვრის ფორმას სიკვდილიც მოაქვს, თუ ბოროტის ხელშია... ცამ მაშინ იცვალა ფერი პირველად.. დავღონდი...
სტუმრებმა დაგვტოვეს.. ჩვენც დავტოვეთ ბაზა... დასაძინებლად გორის ცენტრში, Z ობიექტზე მიგვიყვანეს.. ისევ ქაოსი.. მერე მდუმარება... დიდი უბედურების წინ რომ იცის ხოლმე, ისეთი... და თენდებოდა ცხრა აგვისტო... ასეთი აქამდე არაფერი გამეგონა... წამოვვარდი, თან თვალი გავახილე და..შუშის წვიმა მოდის.. ასობით დაფეთებული ლანდი ბროუნის მოლეკულებს მაგონებს... მეც მათ შორის ვარ... აღარ განმეორდა... ბომბი არ ყოფილა... მაგრამ იყო პირველი მსხვერპლი... ჩემი ასაკის, ან პატარა..
დაშავებულები და დაღუპული შესაბამისი მიმართულებით გააქრეს.. ქუჩის მილაგებასავით.. და ცოცხლები შემდეგ ''უსაფრთხო" პუნქტში.... კიდევ რამდენიმე ზარი... ისევ ჩემი დაი.. როგორ ნერვიულობს... და ტელეფონი მოკვდა....
ჩოჩქოლი... დარბაზის ვიწრო კარში ლანდები და... აფეთქების ხმა.... ორნი ვართ ქუჩაში ბევრთან ერთად... ინტენსიური დაბომბვა.. ისევ ბროუნის მოძრაობა. ვინ საით.. ვინ იცის.. დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება მომეჩვენა.. მერე მობეზრდათ ალბათ.. კიდევ სამნი ვნახეთ.... ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო... სახლების შესასვლელებში მოხუცები... შიში.. ცრემლები: შემოდით, შვილო.. რას გიშველის... ემთხვიე ხატს.. შენი იყოს, დაგიფარავს.....
ვინმე გორელის სარდაფი.. საშინელი ამბები სხვებისგან.. ბომბავს წითელი არმია.. მთელს საქართველოს.. მსხვერპლი დიდია ცხინვალში.. ახლა ფრონტი მთელი ქვეყანაა.... გავიდა სთ... ულტიმატუმი ჩვენი მისამართით.. წინააღმდეგ შემთხვევაში გორში ქვა ქვაზე არ დარჩება... უფრო საიმედო ადგილი უნდა ინახოს.. მშვიდობით ახლადგაცნობილებო... სურვილი ერთი მეომრის: გავიმარჯვოთ.. ან დავიხოცოთ ლაღი ირმებივითა... ღმერთმა გვაღირსოს.... თუ პირველი არა, მეორე მაინც...
''ბომბაუბეჟეშჩას''ეძახდნენ, სარკოფაგს უფრო ჰგავდა.. უკუნი.. მტვერი.. უჰაერობა.. სამარე.... ვზივართ და ველით.. აქ აღარ ვარ.. უკვე იქ.. და ჩემს ქვას ვუყურებ..ეპიტაფიაზე ვფიქრობ (ქვემოთ იხილე) - ქვაზე რა ეწერება ნეტავ?... ა რ ა.. აქ არა.. შვილები გამახსენდა, რომლებიც ჯერ არ მყავს.. ცოცხალი გავალ.. მშვიდად ვარ.. ლოცვა მოვიდა.. აქამდე ასე არ მილოცია.. მომბეზრდა ჯდომა და მისი ლოდინი.. მზეს მაინც შევხედო ბოლო წამს.. ჰაერი ჩავისუნთქო..... მივდივართ... სად?.. რვიდან ისევ ხუთნივართ... ყვითელ ავტობუსში (მძულს) აღმოვჩნდით.. გორიდან გავედით.. ისევ გორში... ისევ გავედით (ვინ იძლევა ბრძნულ ბრძანებებს..) ქაოსი და აურზაური გარშემო..ქარელში ჩავაღწიეთ... სიმინდის ყანაში დავიფანტეთ, უსაფრთხოაო.. სიმწრით ვიღიმი... გულაღმა, ცა, უფერული.. ისევ ბურანი... ნიავმა წამოუბერა.. სიმინდმა გაიშრიალა და... ბაგ-ბუგ.. ბაგ-ბუგ.. ბაგ-ბუგ.. გულიამოვარდა და გასკდა.. სისხლის მსმელი ჯვარი არ ჩანს ცაში... ცრუ განგაში იყო.. გადამღლია გული.. ისევ გადაადგილება.. საით? წარწერა: ცხინვალი 50 კმ... თურმე საით... გავჩერდით სოფელში, სასაცილო სახელით:ქვენა ტკოცა (რაღაც ეგეთი)... ორი დღეა ლუკმა არ გაგვიტეხავს.. მიყვარს ასეთი ქართველი გოგო.. ცხელი, ახლად გამომცხვარი პური და უგემრიელესი ყველი.. მეფური ნადიმი მოგვიწყო მარიმ (ასე ერქვა).. თითო ლუკმა ყველას (პირდაპირიმნიშვნელობით)... და მოწოდება: ვისაც გინდათ, გამოიცვალეთ და წადით.. სად?.. სახლში.. ვინც რჩება, ცხინვალში.. ამაღამ.. ასეთებიც ვართ ქართველები.. გაიხადეს ფორმა... ისევ ორნი ვართ და სხვა ბევრნი.. ზარი ჩვენს მოძღვართან:''ძნელი... სწორი ნაბიჯია.. ღმერთმა დაგლოცოთ..ხვალ მეც თქვენთან ვარ''... ზიარებასავით იყო.. (მერე გაირკვა, რომ უკანასკნელი სთ.-ები გვეგონა ცხოვრების).. ცხინვალის გზაზე ვფიქრობთ და სამხედრო მანქანებს ველით... ორს ერთი მიემატა... მერე კიდევ.. და ათამდე მოვგროვდით ბევრთან ერთად... მეტად მყარად ვართ ახლა... ვცდილობთ დაძინებას მარის ეზოში, ხის ძირში.. სულ სამოცდაათამდე.. უჩვეულო სიცივეა.. აგვისტოსთვის... ვერ ვიძინებ... მთელი ღამე მოძრაობა არ ჩერდება.. კოლონა მოდის ცხინვალიდან.. ჩვენები იხევენ უკან (ჯერ არ ვიცით, რომ ცხინვალი ისევ დავკარგეთ და ასობით რუსული ტანკია იქ)... საიდანღაც ვიღაც მეთაური... ბნელში არ ჩანს.. მგონია, თენდება... ჯერ ღამის ორი სთ ყოფილა.. დავიძარით... მიმართულება ისევ უცნობი.. ფორმაგახდილთა და იარაღდაყრილთა ახალი ნაკადი.. ფორმიანები კვლავ ამაზრზენ ავტობუსებში...დეჟა ვუ: ქარელის ყანა.... და მშვიდი ძილი დიდხანს.... შუადღის 12 სთ....უკვე ნაცნობი ბუგ...ბუგ...ბუგ...ბუგ.. ასე დაუსრულებლად.... გორს და გულს ერთად კლავენ მოძმე ქრისტიანები.... რა გინდა რომ ქნა?!.... ვერაფერი... ახალი უცნობი ჩინოსანი... და მორიგი გადასვლა.. ახლა უკვე დაუსახლებელი პუნქტი... უბრალოდ ტყე..... ყველაზე მტანჯველი იქ იყო.... გაურკვევლობა, უმიზნობა, უფუნქციობა და.. ვწევარ, არ ვიცი, რა ვქნა.... დრო მიდის.... ლოდინი ბრძანების თუ მითითების... და გვაღირსეს........................ საშინელი ტრაგედია: რაც გინდათ, ის ქენით.. დარჩით, ან წადით... პასუხისმგებლები მხოლოდ თქვენ ხართ.. და ჩვენ აღარ.... ძნელია ნაბიჯის გადადგმა... წახვიდე?.. რისთვისღა ჩამოხვედი.... დარჩე?.. და აზრი?!.. რეგულარული ჯარი ''იხევს უკან'' და შენ რაღა უნდა აკეთო?.. (მერე მივხვდი, თავის გასამართლებელ საბუთს ვეძებდი..) და გზა თბილისისკენ: ქარელიდან გორამდე.. გადაბუგულია.. რუისამდე.. გადამწვარია.. კვამლი.. ხანძარი და უბედურება... უფრო აქეთ აღარ იგრძნობა... მაგრამ შეშლილი, დაპანიკებული სახეები... შიში თვალებში.. რა ამოშლის ამას... მანქანები ''აბგონზე'' სიგნალით გვესალმებიან.. რა უხარიათ?... სად ჩავძვრე, აღარ ვიცი... თბილისი.. კოჯორი.. ისევ თბილისი.. სახლში არ მინდა.. დაკეტილ ტაძართან.. ისევ ორნი.. ჩუმად.. ორივემ ვიცით მეორის ფიქრები.... როგორც გაირკვა, ჩვენ ომობანას ვთამაშობდით... ომი წამოსვლის მერე ყოფილა.. ომი არა.. ჟლეტა უიარაღოების, დაუცველების, უმწეოების.......
სახლისკენ.. ცოცხალი დავბრუნდი ღვთის წყალობით თუ სასჯელად (ცხოვრება მიჩვენებს, ჯერაც არ ვიცი)...
მხოლოდ ემოცია და ოდნავ ფაქტები(ან პირიქით)

დაწერილია: (როგორც მახსოვს) 17.08.08
უმნიშვნელოდ რედაქტირებულია: 08.08.15

დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, ემოციური სტრესის ფონზე ამაზე დალაგებულად ვერ შევძელი..
ოდესმე, მზად რომ ვიქნები, უფრო დაწვრილებით, დალაგებით და გასაგებად დავწერ ალბათ რამეს..
ჩემი დაბრუნება სასჯელი იყო თუ ჯილდო, დღემდე არ ვიცი..