რეგიონალიზმი

Day 2,932, 12:10 Published in Georgia Serbia by MORAL1994

XX ს. 60-იანი წლების მანძილზე, იმ ენთუზიაზმის ტალღაზე, რომელიც მოჰყვა რეგიონული ჯგუფების რაოდენობრივ ზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებას, რეგიონები საერთაშორისო პოლიტიკაში განისაზღვრებოდა, როგორც „სახელმწიფოთა შეზღუდული რიცხვი, რომელთა კავშირსაც განაპირობებს გეოგრაფიული სიახლოვე და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე. მათი დიფერენცირება კი შესაძლებელია სავაჭრო კავშირების განვითარების, ფორმალური ორგანიზაციების რიცხვისა და მნიშვნელობის, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის მიხედვით (Nye 1968: vii). ნაი მიიჩნევდა, რომ რეგიონალიზმის პროცესი მოიცავდა მსოფლიოს მრავალ მხარეს და მას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების – ყოფილი კოლონიების რიცხვის გაზრდა; დაძაბულობის შედარებითი განმუხტვა ზესახელმწიფოებს შორის; ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების აღმავლობა; მრავალმხრივი სავაჭრო რეჟიმის განმტკიცება; დასავლეთ ევროპის უმძლავრესი ქვეყნების დაახლოება ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით. რეგიონალიზმი ტიპები: • რეგიონალიზმი, როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს არაფორმალური კავშირებისა და ურთიერთქმედების გაზრდას. იგი უპირველესად ეკონომიკური აქტიურობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ასევე მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთკავშირს. • რეგიონული ცნობიერება და იდენტურობა, როდესაც ისტორიული, კულტურული და სოციალური ტრადიციების თანთმხვევა თვალსაჩინოს ხდის გარკვეული საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას. • რეგიონალიზმი, როგორც სახელმწიფოთაშორისო კოოპერაცია: სახელმწიფოებმა ან მთავრობებმა, საერთო პრობლემების გადაწყვეტისათვის, შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებებსა და მოახდინონ მოქმედებათა კოორდინაცია, რათა „დაიცვან და გააძლიერონ სახელმწიფო და მთავრობის ძალაუფლება“. • სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად რეგიონალიზმის ყველაზე საერთო ფორმას წარმოადგენს. მთავრობები და ბიზნესის ინტერესები ხელს უწყობენ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც იწვევს ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას. • ოთხი პირველი პროცესის კომბინაციამ უნდა გამოიწვიოს მტკიცე და კონსოლიდირებული რეგიონული გაერთიანების წარმოქმნა. ამგვარად პოლიტიკურად უმაღლეს დონეზე დაკავშირებულ დაჯგუფებამ შეიძლება იტვირთოს უმნიშვნელოვანესი როლი როგორც შიდა გარემოში, ისე გლობალურ პოლიტიკაში