მიეცი ნიჭსა გზა ფართო...

Day 2,659, 08:42 Published in Georgia Georgia by Sandro Dolidze
"მიეცი ნიჭსა გზა ფართო, დააEndorse სტატია" :დ

განვაგრძობ ჩემ მიერ წამოწყებულ ე–საზოგადო მოღვაწეობას. :დ წაიკითხეთ გასართობად თუ ჩასაფიქრებლად :3. თუ დაგადოთ შეყვარებულმა, მახინჯი ხართ და არ გიმართლებთ ან უბრალოდ უიღბლობა გტანჯავთ მოითხოვეთ სასიყვარულო თუ სხვადასხვა თემებზე დაწერილი ნაწარმოებები, ლექსები და ჩაიძიეთ მათში :დ მაშ ასე:


ბნელი ერი
თუ ქალსა და კაცს შორის დიდ ზღუდეს აღვმართავთ, ამით ყველაზე უცნაურ რასას დავუსვამთ წერტილს, ხოლო თუ სიბნელიდან სინათლეს ამოვხაპავთ, შევისრუტავთ და ჩავაქრობთ, მაშინ სამუდამო უკუნი მოიცავს მსოფლიოს და არა მარტო ეს უზარმაზარი იქნება ჩახრჩობისათვის განწირული, რადგან სხვა რა არის ადამიანთა გონება თუ არა სიბნელე, რომელიც აქა-იქ მბჟუტავ სანთელთა გუნდებით გახლავთ აღგზნებული. კაცის აღგზნებას ქალი იწვევს, სიბნელისას მასში ჩანერგილი სინათლე, გონებას კი მხოლოდ მუდმივი ფიქრის საგანი თუ გაახელებს, თუ არადა, ეს უკანასკნელი სამუდამო ძილს მიეცემა. ბოროტება ულევი და უკვდავია, სიკეთე კი გაილევა და სულსაც დაქანცული განუტევებს. ადამიანები კეთილები არიან, რადგან ისინი სიკეთის მსგავსად იხოცებიან და ისევ ევლინებიან ცოდვით სავსე სამყაროს. პირველი კი, არა სიკეთე, არამედ ბოროტება წარმოიშვა. ჩემი აზრის გასამყარებლად, ალბათ იმასაც ვიკმარ, რომ თავდაპირველად კაცი იყო, შემდეგ კი ყველაფრის გამგრძელებელი ქალი, სიბნელე და არა სითბოს მომგვრელი მზე. საერთოდაც, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აბსტრაქტულ და გაფანტულ ცნებებად ჩამითვალეთ, რადგან თავდაპირველად იყო არაფერი, ახლა კი არის ნაწილი ყველაფრისა. არაფრიდან ყველაფერი! დიახ, ბოროტებიდან წარმოიშვა სიკეთე...
ცალკე ქალი, ხოლო ცალკე მამაკაცი ადამიანები არიან, მაგრამ თუ მათ შევაუღლებთ, ისინი თავის ნაშიერთან ერთად უკვე ერს დაუდებენ სათავეს. ყველა სათავეს კი, შესართავი აქვს და ეს კარგადაც უნდა დაიხსომოს ჩემი ერის წარმომადგენელთაგან მცირეოდენმა. მცირეოდენმა-მეთქი, მაგრამ სულაც არ გეგონოთ სამშობლოს უმოწყალო მტერი, არამედ მორთულ-მოკაზმული ჩემი მიწა-წყალი ხვალ საუკუნო უკუნის მკლავებისთვისაა განწირულ-შეწირული და მის შესახებ მეთვითონ გეტყვით ორიოდ სიტყვას.
ერიც არაფერსა და ყველაფერს ჰგავს, მკითხველო და ჩემიც არაფრით განსხვავდება სხვათაგან. სავალალოა, წამიერად წარსულ დროში მსურდა წარმომეთქვა, თუმცა შევშინდი ხვალ ცხადლივ არ გაგვეჭიმოს უმომავლო არსებობა, ხოლო უცხოელებს კი ჩემი ქვეყნის გადასხვაფერებული ადამიანები არ გაეჩხიროთ თვალში, მან კი, ვინც ამის კითხვით თავს შეიქცევს, დანანებით არ მოიხადოს ქუდი, თუმცა აბა ვის ახურავს იგი კითხვისას?!
ეს ამბავი ასე, რვაასიანების დასასრულსა და ვინ იცის ცხრაასიანების დასაწყისშიც კი შესაძლოა მომხდარიყო. ერთი კია, მთელი ქვეყანა, ქალი თუ კაცი, საზოგადო თუ სულიერი მოღვაწენი გულ შეწუხებულნი, სულ შეძრულნი და გაოცებულნი ბრძანდებოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ გრძნობდნენ ასე იყო საჭირო, თორემ რა გული, რის სული?! ერთის შესაწუხებლად ან მეორის შესაძრელად, ხომ მათი ყოლაა საჭირო, აბა მარტო ქონა რას ვარგა?! სალაპარაკო ამბის გავრცელებას წამი სჭირდება და მასზე უკვე ყველა ფენის წარმომადგენელი ილაყბებს, თუმცა ამგვარად მოწოდებული ინფორმაცია ცოტა არ იყოს აბდაუბდაც კია, ხოლო საბოლოოდ მისი თავი და ბოლო ერთმანეთს მოწიწებით ანაცვლებენ. სწორედ, ასე და ამგვარად ქალაქსა თუ სოფელში სიტყვები სიკვდილი, სიცოცხლე, ერი, სიყვარული, ჟურნალი, რედაქცია, ტყვია, პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ღირსება, ბედისწერა, სხვადასხვა ბრუნვასა და დიალექტზე ბგერათა კორიანტელს ადგენდა.
ამგვარი აურზაური მახსოვს, კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ განმეორდა, როდესაც ჩემი ერის მიწაზე პირველმა ბოლშევიკმა დადგა ფეხი. ეს რა მოსატანია, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ მაშინ ჩვენმა ძვირფასმა მემატიანემ ყველაფერი მათ წითელ ფორმაზე ამოქარგა და თავად ხელებიც დამიბანიაო განაცხადა. ამიტომ, ახლა ალბათ გვიანიც იქნება ჩვენი ერის წარმომადგენელთაგან უმრავლესობის წამტვრეულ ცხვირზე და გამოლაყებულ ტვინზე საუბრით გამოგიჭედოთ ყურები. ამით, ხომ ცხონებულის დაბანილ ხელებს გავსვრი და შევურაცხჰყოფ.
ამ ამბამდე ერთი-ორი დღითა თუ წლით ადრე ჯერ კიდევ მისი სიტყვებით შეურაცხყოფილი და გულნატკენი ქართველები გემრიელად შეიკურთხებოდნენ, გალანძღავდნენ და ცოტას წყევლასაც შეუთვლიდნენ ხოლმე. ტრაგიკულ ამბამდე, ასეთი ხალხისათვის შეთვლილი ჰქონდა, გაიღვიძეთ, აღანთეთ სანთელი, რომელიც აუცილებელია ბნელის თანმდევი იყოსო. სხვათაშორის, ასე ისმინოს უფალმა ადამიანთა თხოვნებიო ერთ გამყიდველს უნატრია, მას შემდეგ რაც სანთლების რეკორდული რაოდენობა დაუყიდია. სიკვდილამდე დიდი ხნის წინათ, ჟურნალიც გამოუცია. თავიდან უცებ დასხმია თავი ხალხს, ცოტახნის შემდეგ კი საცოდავს ფურცლები გასცვენ-გაჰყვითლებია. არა აქტუალური პრობლემები იბეჭდებაო, განაცხადა იმ დროის ექსპერტმა, სრულიად საქართველომ. უკვე ის დრო იყო, მეზობელი რუსეთის ცენზურა კარგა გვარიანად, რომ მუშაობდა და წითლადაც დაუჩეხია მისი ნაწარმოებები. ამბობენ, დარდს გადაჰყოლია ხანდისხან, თუმცა კალამი წამითაც არ დაუდია მაგიდაზეო. ამას მე ვერ დაგიდასტურებთ, ჩემთვის ხომ არასდროს გამოუმჟღავნებია დიადს. საწყალს ვინ მოსთვლის რამდენჯერ ჩაურგია შუბლი დიდ მტევანში და ფიქრებისთვის მიუცია თავი.
ამბავმა ჩემს ყურამდეც მოაღწია და გაოგნებულიც შევეწებე სკამს. მოკლეს, მიმავალი, გზაში, გასროლა ეს სიტყვები ჯერ კიდევ გუგუნებდა ჩემს სიტყვებში, რომ ოთახის კარი გაიღო.
- აბა, რას გვიმზადებს ჩვენი ერი, ხომ ხედავ?
- ელოდი და მაინც გიკვირს?
- მე? - ჩაიცინა შემოსულმა - ჩემო კარგო, მე იმდენი განვვლე, რომ აღარაფერი მაკვირვებს. აი ესაა ჩვენი ხალხი, მათი მსოფმხედველობა, მოძღვრება, რწმენა და ურთიერთდამოკიდებულება.
- და ყველაფრის მიუხედავად მაინც ცოცხალი ხარ! - გაოგნებისგან ტაში შემოვკარი.
- ცოცხალი... - შუბლი ჩარგო თავის მტევანში - განა გულმოკლული კაცი შეიძლება ცოცხალი იყოს?
ამაზე დუმილით თუ შემეძლო მეპასუხა.
- დაიმახსოვრე რასაც გეტყვი. გავა დრო და ერის მამას შემარქმევს ეს ბედკრული ქვეყანა. დამიტირებს, თითქოს ისე, რომ შეიცნობს თავის შეცდომას. თუმცა, ამან არ მოგატყუოს, თვალი არ აგიკრას და ძველებურად მიჰყევი ადამიანთა გამორჩევას. ჰო, როგორც მე გასწავლე - ხელი გულთან მოისვა და განაგრძო - შექმენი ის არმია, რომლისთვისაც განსხვავება იარსებებს სიბნელესა და სინათლეს, ბედნიერებასა და უბედურებას შორის, მაგრამ ამავდროულად მათ არ დაანაწევრებს.
- მაგრამ მამა, შენ გარეშე ეგ ხომ ძალიან რთულია!
- განა წეღან არ თქვი, ცოცხალი ხარო? - ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე და თითქოს იმედიც ჩაგვისახა ჩვენ, მის შთამომავლობას.
- ჰო, მაგრამ - თითი მისი გულისკენ გავიშვირე. ჯერ კიდევ ცხელი სისხლი ჩქეფდა და ეს მაშინებდა ყველაზე მეტად.
- ეს? - თითქოს ახლაღა შეემჩნია თავად - ეს არაფერია. საერთოდაც ჩვენ, ხომ არაფერნი ვართ, რადგან ხორცი... შენც, ხომ იცი, მუდამ უცვლელად დარჩება ეს კანონი. - ამის მოსმენა იყო მისგან და ძირს დაენარცხა... წამით ოთახში დათბა.
ამ ამბავს მოეცვა ჩემი ქვეყანა. ილია მოუკლავთო. აურზაური გამოიწვია მისმა სიკვდილმა, მაგრამ არა მწუხარე. ერთდროულად ცნობისმოყვარეობის, ირონიის, გაელვებული სევდის, სიხარულის, და რაც მთავარია მისი სისხლის სუნი დატრიალდა მისსავე საყვარელ მამულში. წმინდანად შევრაცხეთ. დავასაფლავეთ და მიწისგან ხელებიც დაგვიბანია. სისხლი?! სისხლი მიწამ იკითხოს, მან შესვა და მანვე აგოს პასუხი. მართლაც, ბედნიერი ერი ვართ, რადგან ჩვენ გვყავს წმინდანი, რომელიც თავად მივაბრძანეთ და მივუჩინეთ კიდეც თავისი ადგილი. ამაზე სამწუხარო რაღა გინდა ქვეყანას?!
წამით ოთახში დათბა.
ჯერ კიდევ ილიას სული ტრიალებდა მასში...



"მიეცი ნიჭსა გზა ფართო, დააEndorse სტატია"