[CP] ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე აფხაზეთში გათენებულ საქართველოს!

Day 2,792, 02:40 Published in Georgia Cyprus by The Yamamoto







ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები!

ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
და სტროფებად შემორჩენილ გულ-ღვიძლს ვხარჯავ.

ყოველ დილით,მე შენს ცრემლებს ვეფერები,
ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
ხანდახან კი გავიხსენებ შეფერებით,
მოულოდნელ გაწბილებას თემურ ლენგურს.

ზოგჯერ ჩუმი მონატრებაც წამომცდება,
ჩემს მიწაზე ჭიქა ღვინით მსურს ვილხინო,
სანამ სული ჩონჩხის ზღუდეს გამოსცდება,
სოხუმისკენ მიმავალი მსურს, მიხილონ.

მე ნატვრად მაქვს ტაო-კლარჯეთს წავცხო ტუჩი,
წმინდა ნინოს შევეგებო ჯავახეთით,
თუკი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადავურჩი,
ყველას თავის სატკივარში ჩავახედებ.

მაგრამ ვეტყვი, მე გპატიობთ წრფელი გულით,
აწი მაინც შეიყვარეთ თქვენი მიწა,
ჩემს ეზოში სამშობლოა დანერგული
რომელსაც მე ოდითგანვე სისხლით ვიცავ.

ვიცავ ამ მთებს, ამ მიდამოს გამალებით,
უდრეკ ციხე-გარნიზონთან მედგრად ვდგავარ,
კვლავ გვიტევენ ბარბაროსთა ამალები
და იქ მყოფი მუხლმომდრეკელს სულ არ ვგავარ.

ცრემლებით ვრწყავ კრწანისის პირს ყაყაჩოებს,
მე ეს მიჯობს,თავი ბრბოში ვიდრე ვიქო,
მეტეხს ვფიცავ,მის გუმბათს და ხარაჩოებს
თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.

ვიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
მაგრამ ვაგლახ,რომ ზეცაში დაიბარეს.

ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ქართლს და კახეთს,
ვიცავ მცხეთას,მომჩქეფარე ,,არაგვიანს''
თვითონ ნახეთ, რა მოუვა მოღალატეს,
შორიდან რომ თითქოს მიძღვნის სალამს გვიანს.

შეწყალებას მე არ ვითხოვ და არც ველი,
ეს ვედრება მინდა, ცაში რომ ავარდეს,
მეც მომკვეთეთ უტასავით ცალი ხელი
მეორეთი მაინც ვიტყვი ამ ალავერდს.

გაუმარჯოს ამ პატარა საქართველოს,
სიდიადით ის უმაღლეს ღრუბელს სწვდება,
გაუმარჯოს იმ დაკარგულ მთას და მდელოს,
ბევრ ქართველს რომ ღვინის სმაში ავიწყდება.

გაუმარჯოს ამ გატანჯულ ფიქრებს, მწარეს,
გულით მინდა ერთი რაღაც ვინატრო და,
დამაბრუნე ზეციერო, მეც იმ მხარეს,
სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა.

ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?
მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?
ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე
აფხაზეთში გათენებულ საქართველოს.

გიორგი თუშიშვილი.