საქართველოს ისტორია

Day 3,085, 09:49 Published in Georgia Georgia by JetonGreenMan888

გამარჯობათ მეგობრებო, გადავწყვიტე საქართველოს უახლესი ისტორია ნელ ნელა დავწერო 1918 წლიდან, ალბათ ბევრმა იცის ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ბევრი ახალგაზრდა თამაშობს და მინდა ცოტა გაერკვნენ ვინც არ იცის ჩვენი ისტორია, სამწუხაროდფ ბევრია ასეთი.
სტატიებს წარმოგიდგენთ როგორც ქართულად ისე ინგლისურ ენაზე, თავს არ ვიკლავ თრაგმნით მაგრამ ვიკიპედია მეხმარება 

სომხეთ-საქართველოს ომი — შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა დასაქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1918 წლის დეკემბერში, საქართველოს თავდაცვითი ომი სომხეთის წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებები ლორესა და ჯავახეთში დაიწყო სომხეთის ჯარების მოულოდნელი თავდასხმით ქართულ სასაზღვრო ნაწილებზე 12 დეკემბერს; დასრულდა მათი დამარცხებით შულავერ-სადახლოს ბრძოლებში 29 დეკემბერს და დაზავების შეთანხმებით 31 დეკემბერს.


წინაპირობები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთი უკმაყოფილო იყო თბილისის დედაქალაქად გამოცხადებით. მათ თბილისი სომხურ ქალაქად მიაჩნდათ. თბილისში მართლაც მე-19 საუკუნიდან სჭარბობდა სომხური მოსახლეობა და დომინანტობდა სომხური კაპიტალი. სომხეთს მიაჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა ქუთაისში უნდა გადასულიყო, ხოლო თბილისში ჩამოყალიბებულიყო სხვადასხვა ერების შერეული ხელისუფლება.
ამასთან ერთად სომხეთს მფარველობას უწევდა დიდი ბრიტანეთი, რომელიც უკმაყოფილო იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის დაახლოებით. ინგლისი ოსმალეთის წინააღმდეგ აგულიანებდა სომხეთს და ჰპირდებოდა მათ ისტორიული მიწების დაბრუნებას. მაგრამ ამ ფრონტზე ინგლისმა წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და სანაცვლოდ სომხეთს დახმარებას შეჰპირდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.[1]
დადასტურებულია რომ, დაწყებული 1912 წლიდან და უფრო ადრეც, ნოე ჟორდანიას გაკეთებული ჰქონდა განცხადებები დაშნაკ ლიდერებთან მომავალში ქართული მიწების მათთვის გადაცემის შესახებ.
ამას ემატებოდა იმდროინდელი ქართველი მაღალჩინოსნების დამოკიდებულება საკითხისადმი. სახალხო გვარდიის სარდალი, ვალიკო ჯუღელი, აცხადებდა:
„მე მზადა ვარ უარი ვთქვა ბამბაკსა და ლორეზე. დაე, ფლობდნენ ყოველივე ამას სომხები, თუ ეს ჩვენს ნამდვილ მეგობრობას წაადგება. მათ უნდა გაიგონ, რომ მათი საუკეთესო მოკავშირე ახალგაზრდა ქართული დემოკრატიაა“

ნოე ჯორდანია


ვალიკო ჯუღელი



ომის მიმდინარეობა
პირველი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, თურქეთმა თავისი ჯარები მის მიერ ომის წლებში ოკუპირებული ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანა. 1918 წლის 5 დეკემბერს კი საქართველოს ჯარმა ახალქალაქი და ლორე დაიკავა, 9 დეკემბერს კი დაშნაკურმა მთავრობამ თავისი არმია საქართველოს წინააღმდეგ დაძრა. 12 დეკემბერს სომხეთის ჯარები გენერალ დრასტამატ „დრო“ კანაიანის მეთაურობით თავს დაესხნენ ქართულ სასაზღვრო ნაწილს სანაინში. დაიწყო სომეხ-ქართველთა უპრეცედენტო ომი.
სომხეთის გეგმით სომხეთის არმიას უნდა დაეკავებინა ტერიტორია მდინარე ხრამამდე. საქართველოს მთავრობას ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა მოლაპარაკებისა. ამიტომ, მიუხედავად მცირედი რიცხობრივი უპირატესობისა და უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისა, საქართველოს ჯარი შეტევას მოუმზადებელი დახვდა. პირველივე შეტაკებაში სომხებმა დაატყვევეს 100-მდე ქართველი ჯარისკაცი, ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო ტექნიკა, დაიჭირეს რკინიგზა. სომეხთა შეტევის განხორციელებაში მონაწილეობდნენ დენიკინის რუსეთის მოხალისეთა არმიის მიერ მივლენილი ოფიცრები. თვითონ დენიკინი სწორედ ამ დროს აწყობდა გამუდმებულ სამხედრო პროვოკაციებს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცდილობდა სოჭის დაკარგვით დასუსტებული ქართული პოზიციების საბოლოო გატეხვას გაგრის ფრონტზე.


სომხეთის შეტევა
18 დეკემბრისთვის სომხეთის არმიამ დაიკავა ლორის მთელი ზონა და მნიშვნელოვნად წაიწია წინ თბილისისკენ. დარბეულ იქნა ქართული და აზერბაიჯანული სოფლები. ფრონტზე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. რეგიონის სომხური მოსახლეობა აქტიურად ეხმარებოდა სომეხთა რეგულარულ ჯარს, რომელსაც ასევე უერთდებოდნენ სომეხი მოხალისეები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან.
საქართველოს სახალხო გვარდიამ სომხეთის არმიას გზა გადაუკეტა ბოლნისთან. 25 დეკემბრისთვის სომხური ჯარის შეტევა შესუსტდა; 10-დღიანმა შეუჩერებელმა მარშმა, საქართველოს სამხედრო ნაწილების წინააღმდეგობამ და ტიფის ეპიდემიამ სომხების რესურსები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ბრძოლები ლორის ტერიტორიას გასცდა, ადგილობრივმა სომეხმა მოხალისეებმა დაიწყეს დეზერტირობა და სოფლებში დაბრუნება; ფრონტის ხაზის თბილისთან მოახლოვებამ კი საქართველოს სამხედრო უწყებას გაუადვილა თავდაცვით ბრძოლებში ჩაბმული ნაწილების მომარაგება. სომხების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ქართველი ოფიცრის დახვრეტამ ქართველებს შორის უკიდურესი განრისხება გამოიწვია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო მოხალისეთა რაზმების მობილიზება, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სააღლუმო მარშის შემდეგ პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ.
თბილისში გამოვლინდა არალეგალური დაჯგუფება, რომელიც იარაღით და ფულით ეხმარებოდა დაშნაკების არმიას. საქართველოს მთავრობამ საფრთხის განეიტრალების მიზნით დაიწყო მკაცრი რეპრესიული ზომების გატარება: მოხდა კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი შეძლებული სომხების ქონების ნაწილობრივი ან სრული კონფისკაცია, ბევრი დეპორტირებული იქნა დედაქალაქიდან.


საქართველოს კონტრშეტევა

საქართველოს სახალხო გვარდიის მიერ სომხეთის ჯარის პირველი დარტყმების მოგერიების შემდეგ ომში ჩაერთო საქართველოს რეგულარული არმია. 25-27 დეკემბრის ბრძოლებში ინიციატივა თანდათან ქართველთა ხელში გადავიდა, თუმცა სრულყოფილი კონტრიერიშის ორგანიზება ამ დღეებში ვერ მოხერხდა. მხოლოდ, 28 დეკემბერს, გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა 3500 კაციანი შენაერთით შეძლო სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელება და ელვისებური დარტყმით უკუაგდო სომხეთის ჯარები. დაღამებისთვის მაზნიაშვილმა უკვე შულავერი და რამდენიმე მცირე სოფელი დაიბრუნა. სომხების მიერ შევიწროებულმა ადგილობრივმა ბორჩალოელმა თათრებმა შექმნეს ერთი ესკადრონი, რომელიც საქართველოს არმიას შეუერთდა. შულავერის ბრძოლაში სომხებმა ორასამდე კაცი დაკარგეს, გააგრძელეს უკანდახევა და გამაგრდნენ სოფ. სადახლოსთან. მძიმე ბრძოლები სოფლის დასაკავებლად 2 დღე გაგრძელდა; სადახლო ხელიდან ხელში გადადიოდა და საბოლოოდ ქართველებს დარჩათ, თუმცა სომხებმა მოახერხეს სოფლის რკინიგზის სადგურის შენარჩუნება. 31 დეკემბერს, მთელი დღის შეუწყვეტელი შეტაკებების შემდეგ, სომხებმა რამდენადმე გაიუმჯობესეს მდგომარეობა და დაეუფლნენ სიმაღლეებს სადახლოს აღმოსავლეთით, რითაც საფრთხე შეუქმნეს ქართული ჯარის კომუნიკაციებს შულავერის მიმართულებით; თუმცა ქართველებმა წარმატებით განახორციელეს გადაჯგუფება, გაარღვიეს სომხების თავდაცვის ხაზი და ღრმად შეიჭრნენ სადახლოს სამხრეთ-დასავლეთით. საბრძოლო მოქმედებებიც ძირითადად ამ პოზიციებზე შეჩერდა. შუაღამისას, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დაჟინებული მოთხოვნით და შუამდგომლობით, დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ომის შემდეგ
ომის შედეგი დღემდე იწვევს კამათს. ქართველი ისტორიკოსებისა და სამხედრო სპეციალისტების მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ არ მისცა შესაძლებლობა საქართველოს არმიას გაეგრძელებინა შეტევა სომხეთის ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მას ნამდვილად ჰქონდა. მეორე მხრივ, სომხები თვლიან, რომ მათმა ჯარმა შეძლო არათუ ქართული არმიის შეკავება სადახლოსთან, არამედ მოახერხებდა მის სრულ გარემოცვას რომ არა დაზავება. ბრძოლებში ორივე მხარემ საგძნობი დანაკარგები განიცადა, დაახლოებით 850-900 კაცამდე მოკლულთა სახით. ქართველთა დანაკლისი შედარებით დიდი იყო ომის პირველ დღეებში ტყვეებისა და საბრძოლო ტექნიკის დაკარგვის გამო.
1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.
საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი - 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვ. საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.
1919 წლის 8 მარტს საქართველომ „დე იურე“ აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში ს. მდივანი ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა ა. ჯამალიანი.
1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.


პს: ბოლოს მაინც დიდი შეცდომა, საქართველომ, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ერევანი აეღო ისევ ჩვენ წავედით დათმობებზე